Thumbnail
  • Dota 2-ში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა
  • ჩემპიონი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის კვალიფიკაციაში ჩაერთვება

18 აგვისტოდან Dota 2-ში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობდა, რომელიც ამავდროულად მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იყო. ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად საქართველოს 17-მა გუნდმა გამოთქვა სურვილი, ონლაინ-შესარჩევის შედეგად 8 საუკეთესო გუნდი გამოვლინდა, რომლებმაც მეოთხედფინალური ეტაპიდან offline-ში გადაინაცვლეს.

ტურნირის მთავარ ფავორიტად Monaspa მიიჩნეოდა, რომელსაც თამამად შეგვიძლია საქართველოს All Star-იც კი ვუწოდოთ, რადგან 5 ყველაზე მაღალრეიტინგული მოთამაშე სწორედ ამ გუნდის ღირსებას იცავდა. ორგანიზაციას კონკრეტულად ამ ტურნირისთვის ყველაზე ცნობილი ქართველი დოტერი W1sh დაემატა, რომელიც პროფესიონალური გუნდის brame-ის წევრია.

ყველაზე ცნობილი ქართველი დოტერი W1sh გუნდს ამ კონკრეტული ტურნირისთვის დაემატა

დებიუტი ჰქონდა ახალშექმნილ კოლექტივს Pendragon-ს, რომელიც სამომავლოდ დიდ მიზნებს ისახავს. სპეციალურად ტურნირისთვის შეიკრა GreenBEQA + 4-ის ხუთეული, რომელთა ასპარეზობა პოზიტიურად უნდა შეფასდეს. ტურნირში მონაწილეობას საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი გუნდი Quick Thinking-იც იღებდა, რომელიც კვლავინდებურად მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა. შეთამაშებული ხუთეულის შთაბეჭდილება დატოვა გუნდმა - “ეს ვარდი შენ”.

პლეი ოფი 22 აგვისტოდან დაიწყო. ტურნირის ამ ეტაპზე ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი “ეს ვარდი შენ”-სა და GreenBEQA + 4-ს შორის შედგა. პირველი წაგებული პარტიის შემდეგ “ეს ვარდი შენ”-მა ძალების რეაბილიტაცია მოახდინა და შეხვედრა შემოატრიალა 2:1. სამივე მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, გამარჯვებული გუნდიდან გამოსარჩევია carry-ისა და offlaner-ის კარგი თამაში, რომლებმაც საბოლოო ჯამში შეხვედრის ბედი გადაწყვიტეს.

ნახევარფინალში ერთმანეთს ტურნირის ფავორიტი Monaspa და ყველაზე გამოცდილი გუნდი Quick Thinking დაუპირისპირდნენ, რომელშიც Monaspa-მ დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა და ფინალის საგზური პრობლემების გარეშე მოიპოვა.

მეორე წყვილში ფინალისტის ვინაობას Pendragon და “ეს ვარდი შენ” არკვევდნენ. ახალშექმნილმა ორგანიზაციამ მარტივი გამარჯვება მოიპოვა და სადებიუტო ტურნირში ფინალში გავიდა.

ტურნირის მთავარ ფავორიტად Monaspa მიიჩნეოდა

Pendragon-სა და Monaspa-ს შორის ფინალში უკვე BO5-ის სისტემა ამოქმედდა. ფავორიტმა პირველი ორი მატჩი დამაჯერებლად წაიყვანა. თითქოს ყველაფერი ლოგიკურ ანგარიშამდე მიდიოდა, მაგრამ Pendragon-ის ბიჭებმა მესამე შეხვედრის მოგება შეძლეს, რომელიც All Star-ის წინააღმდეგ საკმარისი არ აღმოჩნდა. მეოთხე შეხვედრაში Monaspa-მ საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა და საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.

მთლიანი ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა ევროპის რეგიონის TOP 15-ის მოთამაშე W1sh-მა. გათამაშების აღმოჩენად იქცა Pendragon-ის მეხუთე პოზიციის support so-so, რომელსაც აქამდე ტურნირებში მონაწილეობის გამოცდილება არ ჰქონია და გუნდს ჩემპიონატის დაწყებამდე შეუერთდა.

საქართველოს ჩემპიონი მსოფლიოს ჩემპიონატის რეგიონალურ კვალიფიკაციაში ჩაერთვება. ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია იყო, ხოლო გენერალური სპონსორი - კომპანია “ევროპაბეთი”.

ტურნირის საპრიზო ფონდი ასე გადანაწილდა:

🥇 1. Monaspa - 3000 ლარი 🏆
🥈 2. Pendragon - 2000 ლარი
🥉 3. ეს ვარდი შენ - 1500 ლარი
🏅 4. Quick Thinking - 1000 ლარი
🏅 5-7. BudgetMonaspa, GreenBEQA + 4, Georgian Rules - 625 ლარი

საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციასა და ევროპაბეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ივლისში გაფორმდა. ევროპაბეთი GCSF-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა და ფედერაციას სამომავლო გეგმების განხორციელებაში დაეხმარება. შესარჩევი ტურნირები საქართველოს მასშტაბით კიბერსპორტის 4 სახეობაში (Dota2, CS:GO, PES2021, Tekken7) გაიმართა. გამარჯვებულები თითოეული სახეობის მსოფლიოს ჩემპიონატებზე იასპარეზებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები