Thumbnail

საქართველოს ნაკრების ჯგუფს არა ესპანეთი, არამედ ახლა უკვე შვედეთის ნაკრები ლიდერობს!

სკანდინავიელებმა “ფურია როხას” დამარცხება მოახერხეს და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის B ჯგუფში 9 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლეს. შვედეთის ნაკრებს სამივე თამაში მოგებული აქვს, ესპანეთი კი 7 ქულით მეორე ადგილზეა და თანაც, ლუის ენრიკეს გუნდს შვედეთზე ერთით მეტი, 4 თამაში აქვს ჩატარებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ესპანელებს პრობლემა აქვთ - როგორც იცით, მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის, მეორეადგილოსანს კი პლეი ოფი ელოდება.

ესპანეთი სწრაფი გოლით დაწინაურდა, მაგრამ შვედებმა სწრაფადვე, ერთ წუთში გაათანაბრეს - სოლერის გოლს ისაკმა უპასუხა. გოლების შემდეგ “ფურია როხა” უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ მასპინძლებმა ნელ-ნელა მოუმატეს. პირველ ტაიმში იყო საკამათო ეპიზოდი, როცა საჯარიმოში ფერან ტორესზე თითქოს ჯარიმა იყო, მაგრამ შვედების კარში პენალტი არ დაინიშნა.

მეორე ტაიმი ესპანელთა მაგარი მომენტით დაიწყო - ოლსენმა ფერან ტორესს აუღო. მომდევნო საგოლე ეპიზოდს კი გოლიც მოჰყვა, ოღონდ, ესპანელთა კარში: ფორსბერგის კუთხურის შემდეგ, ესპანელმა მცველებმა კარგად ვერ ითამაშეს, ბურთი კულუშევსკიმ მიიღო, ბრწყინვალედ ითამაშა და კლაესონი მოძებნა, რომელმაც ლუის ენრიკეს გუნდის კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.

შვედეთი 2:1 ესპანეთი

გოლები: 0:1 სოლერი (4), 1:1 ისაკი (5), 2:1 კლაესონი (57)

შვედეთი (4-4-2): ოლსენი - კრაფტი, ლინდელოფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი - კლაესონი, ოლსონი, ეკდალი (69. კაიუსტე), ფორსბერგი (90. სვანბერგი) - კულუშევსკი (85. კუაისონი), ისაკი.

ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი - ასპილიკუეტა, ერიკ გარსია, ლაპორტი, ჟორდი ალბა - სოლერი (85. მენდესი), ბუსკეტსი (85. როდრიგო), კოკე (75. ლორენტე) - ფერან ტორესი, მორატა (75. სარაბია), ჟერარდ მორენო (64. ტრაორე).

ესპანეთის ნაკრები მომდევნო მატჩს, 5 სექტემბერს, საქართველოს ნაკრებთან გამართავს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები