Thumbnail

US OPEN | ბასილაშვილმა სამ სეტში მოიგო და მე-3 წრეში ამერიკელ გიგანტს ეთამაშება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 7:6 (7:3), 6:3, 7:5 მაქსიმ კრესი
  • ქართველი ჩოგბურთელი მე-3 წრეში 22-ე ნომრად განთესილ ამერიკელს ეთამაშება

ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (39) სამ სეტში დაამარცხა ამერიკელი მაქსიმ კრესი (151) - 7:6, (7:3), 6:3, 7:5. მატჩის ქართველმა ფავორიტმა ნიუ იორკში შეხვედრა 2 საათსა და 12 წუთში დაასრულა მის სასარგებლოდ. გადამწყვეტი ბრძოლა პირველ სეტში იყო, რომელიც ნიკოლოზმა ტაი ბრეიკში 7:3 მოიგო. ამერიკელს საბოლოოდ ვერც 20-მა ეისმა უშველა (ბასილაშვილს 9 ეისი ჰქონდა). 

1/16 ფინალში ბასილაშვილის მეტოქე 22-ე ნომრად განთესილი ამერიკელი რაილი ოპელკაა. 24 წლის ოპელკა იმით არის გამორჩეული, რომ სიმაღლეში 211 სანტიმეტრია. ის ამერიკის ღია პირველობაზე მე-3 წრეში კარიერაში პირველად გავიდა. ბასილაშვილი და ოპელკა ერთმანეთს აქამდე არასდროს შეხვედრიან. მატჩი 3 სექტემბერს დაახლოებით 19:00-ზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის წლევანდელ ღია პირველობაზე ნიკოლოზს ჯერ სეტი არ დაუთმია - სებასტიან კორდას ის მე-2 სეტში უგებდა, როცა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ბრძოლა შეწყვიტა. . გასულ სეზონში ნიკა თავად იყო განთესილი US Open-ზე, მაგრამ 22-ე ნომრად განთესილმა ქართველმა ასპარეზობა პირველივე წრეში დაასრულა - ჯონ მილმენთან 1:6, 4:6, 4:6 წააგო.

ამერიკის ღია პირველობაზე ნიკას საუკეთესო შედეგი 2018 წელზე მოდის, როცა მან მე-4 წრეში (მერვედფინალში) ითამაშა. ეს შედეგი მისთვის "დიდი სლემის" ტურნირებზე საუკეთესო მიღწევაცაა (5-ჯერ ითამაშა მე-3 წრეში - ორჯერ ავსტრალიაში, თითოჯერ როლან გაროსზე, US Open-ზე და უიმბლდონზე.

კომენტარები

ბოლო ამბები