Thumbnail

ყატარი 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბათუმში ცარიელი ტრიბუნების წინაშე 0:1 დათმო კოსოვოს ნაკრებთან და ამით ამ გუნდს ისტორია დაუწერა - კოსოვოელებს აქამდე 12 მატჩი ჰქონდათ მუნდიალის შესარჩევში გამართული და მოგების გარეშე იყვნენ. სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრებს ამავე ტურნირზე უკვე 9 წელი და 21 თამაშია, არ გაუმარჯვია...

უსარგებლო უპირატესობა

საქართველოს ნაკრებმა კოსოვოსთან ცუდად ითამაშა. გუნდს არც მონდომება ეტყობოდა (გამონაკლისი დებიუტანტი წიტაიშვილი იყო) და არც ტემპი იყო სასურველი. სანიოლის გუნდის დაცვის ორივე ფლანგი ჩავარდა (განსაკუთრებით მარჯვენა), კოსოვოელები კონტრშეტევებზე გაცილებით სახიფათო მომენტებს ქმნიდნენ და მეტი გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა ერთხელ გიორგი ლორიამ იხსნა ნაკრები აშკარა გოლისგან, ერთხელაც კი - ლორიამ და ვიდეორეფერიმ ერთად.

წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში პირველად ითამაშა

ბურთის ფლობით, საქართველოს ნაკრებმა აჯობა მეტოქეს - 60%-40%. მასპინძლებმა უფრო მეტი პასიც გააკეთეს (610:408), მაგრამ ამ პასების უმეტესობას მეტოქის კართან სიმწვავე არ მოჰყოლია. კარისკენ დარტყმებითაც მასპინძლეთა უპირატესობა იყო - 14:8, მაგრამ კარში ორი წავიდა (ჯიღაური, მიქაუტაძე). ეს მაშინ, როცა კოსოვოელთა 4 დარტყმა იყო ზუსტი. დანარჩენი სტატისტიკური მახასიათებლები კი გუნდებს თითქმის თანაბარი ჰქონდათ. 

14 დარტყმიდან 9 სამ ფეხბურთელზე მოდის (4 ჯიღაური, 3 წიტაიშვილი და 2 მიქაუტაძე). წიტაიშვილმა გააკეთა ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი პასი - 3. პასების სიზუსტით ხოჭოლავა გამოირჩა - 91.8%. გიორგი ქვილითაიამ 5 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, გურამ კაშიამ - 4. 100-ზე მეტჯერ ბურთს კაშია, ხოჭოლავა და ჩაბრაძე შეეხნენ. წიტაიშვილმა 10-ჯერ ჩააწოდა (3-ჯერ ზუსტად). 

რომ არა ლორია...

WhoScored.com-ის მიხედვით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ვედატ მურიქია (ზოგიერთი წყარო გოლს მას უთვლის, ზოგი ხოჭოლავას ავტოგოლად) - 8.4 ქულა. მაღალი შეფასებები მიიღეს ბერიშამ და დრესევიჩმაც - 7.7.

რაც შეეხება სანიოლის გუნდს: საუკეთესო ჯაბა კანკავა იყო - 7.1. კარგი შეფასებები მიიღეს გიორგი ლორიამ, გიორგი წიტაიშვილმა და ირაკლი აზაროვმაც - 7.0. სხვებმა კი დაბალი შეფასებები მიიღეს.

საქართველოს ნაკრების შეფასებები. WhoScored.com

ლორია - 7.0; ჩაბრაძე - 6.2, კაშია - 6.8, ხოჭოლავა - 6.5, აზაროვი - 7.0; კანკავა - 7.1, აბურჯანია - 5.9; წიტაიშვილი - 7.0, ყაზაიშვილი - 6.3, კიტეიშვილი - 6.2; ქვილითაია - 6.3.
შეცვლაზე შესულები: ჯიღაური - 6.3, მიქაუტაძე - 6.1, დავითაშვილი - 6.0, ჩაკვეტაძე - 6.0.

საინტერესო ფაქტები

📌 მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ნაკრებს 2012 წლის მერე (ბელარუსთან 1:0) არ მოუგია - ზედიზედ 21 მატჩი.

📌 ვილი სანიოლი ოფიციალურ მატჩებში ნაკრებში ჯერ გამარჯვების გარეშეა.

📌 ჯაბა კანკავამ ეროვნულ გუნდში 97-ე მატჩი ითამაშა, გურამ კაშიამ - 88-ე, გიორგი ლორიამ - 67-ე. 

📌 ამ შესარჩევ ციკლში სრულად 4-ვე მატჩი (360 წუთი) ითამაშეს გიორგი ლორიამ და გურამ კაშიამ.

📌 საქართველოს ნაკრებმა სულ 255 მატჩი ითამაშა, ეს იყო გუნდის 124-ე მარცხი ისტორიაში.

📌 255 მატჩში საქართველოს ნაკრებმა 360 გოლი გაუშვა.

5 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ბადახოსში ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 8-ში უკვე ამხანაგურ მატჩს გამართავს - სტუმრად ბულგარეთში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები