Thumbnail

‘ინგლისს 7 ჰყავს, ჩვენ რატომ არ გვყავს?’ - კლოპი გერმანიის ნაკრების პრობლემაზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

გერმანიის ნაკრების კაპიტანმა მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ მისი მიზანი 2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონობაა, ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი კი ბუნდესგუნდის მუნდიალზე ფავორიტობასთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი.

“გუნდის ხარისხის მხრივ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ჩემი აზრით, გერმანიის ნაკრებს არ ჰყავს სხვა ტოპ-ნაკრებებზე ბევრად უკეთესი გუნდი,” - განაცხადა კლოპმა RTL-თან ინტერვიუში.

ლივერპულის 54 წლის დამრიგებელს, რომელსაც ასევე განიხილავდნენ იოახიმ ლიოვის შემცვლელად, მიაჩნია, რომ გერმანიის ნაკრებს განსაკუთრებით თავდასხმაში უჭირს - უფრო კონკრეტულად კი, ცენტრფორვარდის პოზიციაზე.

კლოპი: “მაგალითად, ინგლისს მინიმუმ 7 ისეთი კლასიკური ცენტრფორვარდი ჰყავს, რომლებსაც ინგლისის ნაკრებში თამაში შეუძლიათ. ჩვენ რატომ არ გვყავს? ფაქტია, რომ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გვიჭირს. როგორმე ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. გვყავს რამდენიმე ბიჭი, რომლებიც ცუდად არ თამაშობენ და კარგად დარბიან - ესაა და ეს. კარგი იქნება, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში გვყავდეს რამდენიმე კლასიკური ცენტრფორვარდი.”

კლოპი გერმანიის ნაკრებთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი

ხსენებულ ინტერვიუში კლოპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა ჯერჯერობით დაგეგმილი არ აქვს: “ის, რასაც ახლა ვაკეთებ, დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მომავალში კი ვნახოთ, რა იქნება.”

შეგახსენებთ, რომ ლიოვის წასვლის შემდეგ გერმანიის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად მიუნხენის ბაიერნის ყოფილი დამრიგებელი ჰანსი ფლიკი დაინიშნა. მისი დებიუტი ბუნდესმწვრთნელის რანგში დღეს, ლიხტენშტაინთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში შედგება.

მომდევნო მატჩს ფლიკის გუნდი 5 სექტემბერს, შტუტგარტში, სომხეთთან გამართავს. წინა სამი მატჩიდან გერმანიას 2 მოგება (ისლანდიასთან 3:0, რუმინეთში 1:0) და 1 მარცხი (ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:2) აქვს - ოღონდ, ეს ლიოვის დროს. ბუნდესგუნდი 6 ქულით მესამე ადგილზეა, ჯგუფს კი სომხეთის ნაკრები 9 ქულით ლიდერობს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები