Thumbnail

სტეფანოს ციციპასმა ეს ისევ გააკეთა!

აშშ-ის ღია პირველობის მეორე წრეში (1/32 ფინალი), ადრიან მანარინოსთან 4 სეტში მოგებული მატჩის დროს (6:3, 6:4, 6:7 (4:7), 6:0), მსოფლიოს მესამე ჩოგანმა კორტი დატოვა და ტუალეტში გავიდა. ამაში საოცარი არაფერია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ბერძენმა ტუალეტში 8 წუთზე მეტი გაატარა - დიდი შესვენება მოიწყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მესამე სეტი წააგო.

ყველაფერი ხდება, მაგრამ მაყურებლებს, რა თქმა უნდა, მაშინვე გაახსენდათ, რომ ენდი მარისთან წინა შეხვედრაშიც ასე მოიქცა - ზედმეტად დიდხანს დაიკარგა გასახდელში. 34 წლის მარიმ, რომელიც პირველ წრეში ციციპასთან დამარცხდა, მატჩის შემდეგ თქვა, “მის მიმართ ყველანაირი პატივისცემა დავკარგეო.”

ბერძენი ჩოგბურთელი გერმანელმა ალექსანდერ ზვერევმაც გააკრიტიკა: “ამაზე უკვე გული მერევა. ეს მოწინააღმდეგისა და ჩვენი სპორტის უპატივცემულობაა.”

ციციპასი არც მაყურებლებმა დაინდეს - როდესაც ბერძენი Arthur-Ashe-Stadium-ზე დაბრუნდა, პუბლიკის ნაწილმა მას უსტვინა, მერე კი მანარინოს ქომაგობდნენ და ამხნევებდნენ.

“ცუდი და არასწორი არაფერი გამიკეთებია. შესაბამისად, ჩემს მიმართ კრიტიკა გაუგებარია. ხალხს ჩოგბურთი უყვარს და აქ ჩოგბურთის სანახავად მოდიან,” - ასე დაიცვა თავი ციციპასმა და დასძინა, რომ ხანგრძლივი პაუზა სჭირდებოდა.

სპორტული თვალსაზრისით, მისი კრიტიკა მართლაც არ შეიძლება - სტეფანოს ციციპასმა ამ შეხვედრაში 27 ეისი შეასრულა, რაც მისი პირადი რეკორდია. მესამე წრეში (1/16 ფინალი) ბერძენი ესპანელ კარლოს ალკარასს შეხვდება, რომელიც 55-ე ჩოგანია. მატჩი 3 სექტემბერს, 19:00 საათზეა დაგეგმილი. ვნახოთ, კიდევ გავა თუ არა დიდი ხნით ტუალეტში...

კომენტარები

ბოლო ამბები