Thumbnail
  • ჰანსი ფლიკის დებიუტი გერმანიის ნაკრებში ხუთშაბათს შედგება
  • ბუნდესგუნდის ექიმებმა ნოიერი და მიულერი სახლში გაუშვეს

საფეხბურთო გერმანია ქვეყნის პირველი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის სადებიუტო მატჩის მოლოდინშია - ხუთშაბათს, გერმანიის ნაკრები ლიხტენშტაინს სტუმრობს.

56 წლის სპეციალისტი ბუნდესმწვრთნელის რანგში თავის პირველ მატჩში ორ ლიდერს ვერ გამოიყენებს: თომას მიულერს და კაპიტან მანუელ ნოიერს.

თომას მიულერი და ჰანსი ფლიკი

31 წლის მიულერმა ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო - ბაიერნის შემტევი ტრავმირებულია. ფლიკმა დაადასტურა, რომ მიულერმა ნაკრები უკვე დატოვა. კუნთის ტრავმა სერიოზული არ არის და თეორიულად, მიულერს თამაში შეეძლო, მაგრამ გერმანიის ნაკრების ექიმებმა არ გარისკეს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ფლიკი თავის სადებიუტო შეხვედრაში მიულერს ბუნდესგუნდის ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებდა. სწორედ ფლიკის ხელში დაბრუნდა “ძველი მიულერი” და ისევ ბაიერნის ლიდერად იქცა.

რაც შეეხება ნოიერს: კაპიტანს ოთხი სრულფასოვანი ვარჯიშიდან არცერთში მიუღია მონაწილეობა. მანუ გერმანიის სუპერთასზე, ორი კვირის წინ დაშავდა, თუმცა მერე ბაიერნში ითამაშა. როგორც ჩანს, ექიმებმა ნოიერის შემთხვევაშიც ზედმეტ რისკს აარიდეს თავი.

ფლიკის თქმით, ლიხტენშტაინთან მატჩში გერმანიის ნაკრების კარს ბერნდ ლენო დაიცავს. შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს ფლიკის გუნდი 5 სექტემბერს, შტუტგარტში, სომხეთთან გამართავს. წინა სამი მატჩიდან გერმანიას 2 მოგება (ისლანდიასთან 3:0, რუმინეთში 1:0) და 1 მარცხი (ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:2) აქვს - ოღონდ, ეს ლიოვის დროს. ბუნდესგუნდი 6 ქულით მესამე ადგილზეა, ჯგუფს კი სომხეთის ნაკრები 9 ქულით ლიდერობს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები