Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან მატჩისთვის მზადებას აგრძელებს
  • დავით ხოჭოლავას, გიორგი აბურჯანიას და სანდრო ალთუნაშვილის კომენტარები

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს. ვილი სანიოლის გუნდმა მეორე ვარჯიში ჩაატარა, რომელშიც 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

საწვრთნელ პროცესში ჯერჯერობით მხოლოდ ვაკო ყაზაიშვილი არ ჩართულა, რომელიც გუნდთან ერთად 1 სექტემბერს ივარჯიშებს. გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა და ოთარ კიტეიშვილი კოსოვოსთან მატჩისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან. ნაკრების ფეხბურთელებმა მოახლოებულ მატჩებზე კომენტარი გააკეთეს.

გიორგი აბურჯანია: "პირველ რიგში ჩვენი კონცენტრაცია კოსოვოსთან მატჩზეა მიმართული, რადგან სასწორზე უმნიშვნელოვანესი 3 ქულა დევს. შინ ვთამაშობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ".

დავით ხოჭოლავა: "მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ეს ჩემთვის პირველი თამაშია, რადგან წინა შეკრება კორონავირუსის გამო გამოვტოვე. მინდა, ამ შეკრებაზე ორმაგად დავეხმარო ნაკრებს და ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთ კარგ სტადიონზე ვითამაშებთ".

სანდრო ალთუნაშვილი: "ძალიან დიდი ემოცია იყო, როცა გავიგე, რომ ნაკრებში ვიყავი გამოძახებული. უფრო მეტად გამიხარდა იმიტომ, რომ ბათუმში ვთამაშობთ. დასანანია, რომ მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამივე მატჩი სასურველი შედეგით დავასრულოთ."

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი),  დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი ზარია (დინამო ბათუმი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, უკრაინა)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, ბათუმში, კოსოვოს ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 5 სექტემბერს, ბადახოსში, ესპანეთს დაუპირისპირდება. სექტემბრის სანაკრებო ფანჯარას ვილი სანიოლის გუნდი სოფიაში, ბულგარეთთან (8 სექტემბერს) ტესტ-მატჩით დაასრულებს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო B ჯგუფში საქართველოს ნაკრებს სამ თამაშში მხოლოდ 1 ქულა აქვს და ცხრილში მე-4 ადგილზეა. ჯგუფს ესპანეთი ლიდერობს (3 მატჩი, 7 ქულა), მეორეზე შვედეთია (2 მატჩი, 6 ქულა), მესამეზე კი - საბერძნეთი (2 მატჩი, 2 ქულა). ჯგუფში ბოლო ადგილს კოსოვო (2 მატჩი, 0 ქულა) იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები