Thumbnail

“VIVA RONALDO. Cristiano is back!” - ასეთი პოსტით გვაცნობა მანჩესტერ იუნაიტედმა, რომ კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერზე მუშაობა, როგორც იქნა, დასრულებულია. CR7 იუნაიტედთან 2-წლიან კონტრაქტს აფორმებს. მხარეებს ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გაგრძელება შეეძლებათ.

“მანჩესტერ იუნაიტედი არის გუნდი, რომელსაც ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა და ძალიან შთამბეჭდავი იყო ყველა ის შეტყობინება, რაც ტრანსფერის გამოცხადების შემდეგ მივიღე, - ვკითხულობთ რონალდოს განცხადებაში, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის ვებგვერდმა გამოაქვეყნა, - მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როცა ხალხით სავსე “ოლდ ტრაფორდზე” ისევ ვითამაშებ. მიხარია, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდთან ერთად ვიქნები. ჩვენს გუნდს ძალიან წარმატებულ სეზონს ვუსურვებ.”

'აქ ვარ, ჩემს ადგილზე დავბრუნდი და მოდით, გავაკეთოთ ეს კიდევ ერთხელ. სერ ალექს, ეს თქვენთვისაა!'

CR7-მა პოსტი ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ იუნაიტედში დაბრუნებას სერ ალექს ფერგიუსონს უძღვნის: "ვინც მიცნობს, ყველამ იცის, როგორ მიყვარს მანჩესტერ იუნაიტედი. ამ შესანიშნავ კლუბში გატარებული წლები და გზა, რომელიც ერთად გავიარეთ, სპორტის ამ დიდებული და გასაოცარი სახეობის ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა," - წერს რონალდო პოსტში და იქვე საუბრობს ახდენილ ოცნებაზეც, ბოლოს კი ასე ამთავრებს: "ისტორია დაიწერა წარსულში და დაიწერება მომავალშიც. სიტყვას გაძლევთ, რომ ასე იქნება! აქ ვარ, ჩემს ადგილზე დავბრუნდი და მოდით, გავაკეთოთ ეს კიდევ ერთხელ. სერ ალექს, ეს თქვენთვისაა!"

რონალდოს ტრანსფერზე კომენტარი იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმაც გააკეთა: “კრიშტიანოს დასახასიათებლად სიტყვები არ არსებობს. ის არა მხოლოდ ფანტასტიკური ფეხბურთელი, არამედ დიდებული ადამიანიცაა. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველაზე ისევ დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს და მისი გამოცდილება ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება. რონალდოს დაბრუნება ადასტურებს ამ კლუბის განუმეორებელ მიმზიდველობას და ძალიან მიხარია, რომ კრიშტიანო ბრუნდება იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო.”

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდომ იუვენტუსში 3 სეზონი ითამაშა. ის ორ-ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და სუპერთასის გამარჯვებული, ერთხელ იტალიის თასი მოიგო და ერთხელაც სერია A-ს ბომბარდირის ტიტული. პორტუგალიელმა იუვენტუსის ისტორიაში ყველაზე სწრაფად მოახერხა მინიმუმ 100 გოლის გატანა. საბოლოო ჯამში მან შავ-თეთრი მაისურით 134 თამაშში თავი 101-ჯერ გამოიჩინა.

მანჩესტერ იუნაიტედი 11 სექტემბერს, "ოლდ ტრაფორდზე" ნიუკასლ იუნაიტედს უმასპინძლებს და დიდი შანსია, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის რედებიუტი ამ მატჩში შედგეს. კრიშტიანოს მანჩესტერის მაისურით 2003-2009 წლებში 292 თამაშში 118 გოლი აქვს გატანილი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები