Thumbnail
  • ტოკიოს პარალიმპიური თამაშები 5 სექტემბრამდე გაგრძელდება
  • პარალიმპიადაზე 13 ქართველი პარასპორტსმენი იასპარეზებს
  • ამ სტატიაში ნახავთ მათ დეტალურ განრიგს ექვსივსე სახეობაში

ტოკიოს პარალიმპიური თამაშები იწყება! საქართველოს ნაკრები პარალიმპიადაზე (24 აგვისტო - 5 სექტემბერი) 13 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. ქართველი პარალიმპიელები მედლებისთვის სპორტის 6 სახეობაში იბრძოლებენ - ეტლით ფარიკაობა, პარაძიუდო, პარაწოლჭიმი, პარაცურვა, პარასროლა და პარამძლეოსნობა.

პარალიმპიადა ოფიციალურად დღეს გაიხსნა

თავდაპირველად საქართველოს დელეგაცია ტოკიოში 14 სპორტსმენით ჩავიდა, თუმცა პარაძიუდოისტ ზვიად გოგოჭურს ცნობილი სკანდალის (სასტუმროს დაცვის თანამშრომელთან ფიზიკური დაპირისპირება) გამო აკრედიტაცია ჩამოართვეს.

ქართველი პარალიმპიელები ასპარეზობას 25 აგვისტოდან დაიწყებენ. აი, მათი განრიგიც:

25 აგვისტო: ეტლით ფარიკაობა

პარალიმპიური თამაშების პირველივე დღეს მედლებისთვის პარამოფარიკავე ქალები იბრძოლებენ. ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო კვალიფიკაციის პირველი ნომერი ირმა ხეცურიანი (B კატეგორია) და ნინა თიბილაშვილი (A კატეგორია, სენიორებში მე-6 და 23 წლამდებლებში მსოფლიოს პირველი ნომერი) საქართველოს ნაკრებისთვის პირველი მედლების მოპოვებას შეეცდებიან.

პირველ დღეს მედლებისთვის პარამოფარიკავე ქალები იბრძოლებენ
📸 | ფოტო: საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი

27 აგვისტო: პარაძიუდო

მესამე დღეს დაიწყება ასპარეზობა პარაძიუდოში. 27 აგვისტოს ტატამიზე ზურაბ ზურაბიანი (-60 კგ.) და გიორგი გამჯაშვილი (-66 კგ.) გავლენ. ზურაბიანი დიდი ბრიტანეთის გრანპრის გამარჯვებულია და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, გამჯაშვილი კი, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ტრავმის გამო გაუცდა, მსოფლიო რეიტინგში მაინც მესამე ადგილზეა. მან პარალიმპიური კომიტეტის ექიმების დახმარებით, ზურაბ კახაბრიშვილის ხელმძღვანელობით, სრულად აღიდგინა ჯანმრთელობა და ტოკიოს თამაშებს საუკეთესო სპორტული ფორმით ხვდება.

28 აგვისტო: პარაფარიკაობა, პარაძიუდო და პარაწოლჭიმი

ეს დღე საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე დატვირთული იქნება - ქართველი პარასპორტსმენები ერთდროულად სამ სახეობაში იასპარეზებენ.

პარამოფარიკავეები ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი რაპირით ფარიკაობაში მოსინჯავენ ძალებს.

პარაძიუდოში იასპარეზებს გიორგი ქალდანი (-73 კგ), რომელიც წელს ორიდან ორივე გრანპრის (ბაქო და დიდი ბრიტანეთი) გამარჯვებულია.

პარაწოლჭიმში მსოფლიოს ფალავნების დამარცხებას აჰმად რაზმ აზარი (-80 კგ) შეეცდება, რომელიც წელს დაუმარცხებლად ასპარეზობს. იგი მსოფლიო თასის ოქროს ოთგხზის, ასევე ორგზის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელია.

29 აგვისტო: პარაფარიკაობა, პარაძიუდო

29 აგვისტოს, საქართველოს ქალთა ნაკრები რაპირით იფარიკავებს. ტოკიოში საქართველო ამ სახეობის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით ჩავიდა, მთავარი მეტოქე კი ჩინეთის ნაკრები იქნება, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში პირველ ადგილზეა.

ამავე დღეს იასპარეზებს მძიმეწონოსანი პარაძიუდოში - მსოფლიოს ჩემპიონი რევაზ ჩიკოიძე (+100). მასთან ერთად, მედლებისთვის ინა ქალდანი (+70) იბრძოლებს (ინამ წელს ორჯერ უკვე შეძლო საერთაშორისო ტურნირებზე ბრინჯაოს მედლის აღება).

მსოფლიოს ჩემპიონი რევაზ ჩიკოიძე 29 აგვისტოს იასპარეზებს

30 აგვისტო: პარაწოლჭიმი, პარასროლა

30 აგვისტოს პარაწოლჭიმში გამოვა აკაკი ჯინჭარაძე (+107), რომელიც წელს საუკეთესო შედეგებს აჩვენებს. იგი მსოფლიო თასის ოქროსმედალოსანი, სამგზის ვერცხლის, ორგზის ბრინჯაოს მფლობელი და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანია.

პარასროლაში საქართველოს ჩემპიონი და აშშ-ის ღია პირველობის ვიცე-ჩემპიონი ლადო ჭინჭარაული 10 მეტრზე სროლაში პნევმატური შაშხანით იასპარეზებს.

1 სექტემბერი: პარასროლა, პარაცურვა, პარამძლეოსნობა

სექტემბრის პირველი დღე ქართველი პარასპორტსმენებისთვის ასევე დატვირთული იქნება: 

პარასროლაში ჭინჭარაული ამჯერად 10 მეტრზე პნევმატული შაშხანით (დახლზე დაყრდნობით) მოსინჯავს ძალებს. 

პარაცურვაში ყველაზე გამოცდილი ქართველი პარასპორტსმენი ნიკა თვაური 100 მეტრის დისტანციას გაცურავს ბრასით. მან პირველად 2012 წლის ლონდონის პარალიმპიურ თამაშებზე იასპარეზა, 2015 წელს კი სეულის მსოფლიო თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ამასთან, ნიკა თვაური პარაცურვაში უსინათლოთა საერთაშორისო ჩემპიონატების და ტურნირების ორგზის ოქროსმედალოსანია.

ამავე დღეს, პარამძლეოსნობაში გაიმართება შეჯიბრი სიგრძეზე ხტომაში, სადაც საქართველოს ღირსებას CP (cerebral palsy) კატეგორიაში დავით ქავთარაძე დაიცავს, რომელიც პარამძლეოსნობაში ბერლინის 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანია.

4 სექტემბერი: პარასროლა

წლევანდელ პარალიმპიადაზე ბოლო ქართველი პარასპორტსმენი ლადო ჭინჭარაული იქნება. ტოკიოს თამაშებზე საქართველოს პარალიმპიური ნაკრების გამოსვლას იგი პარასროლაში, 50 მეტრზე სროლით დახურავს.

კომენტარები

ბოლო ამბები