Thumbnail
  • იურგენ კლოპმა Bild TV-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა
  • გერმანელისთვის ბარნლისთან მატჩი განსაკუთრებით ემოციური იყო
  • ლივერპულის მწვრთნელად გერმანიის ნაკრებზეც ისაუბრა

გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა ნებისმიერი გერმანელი სპეციალისტისთვის უდიდესი ოცნებაა - მათ შორის, იურგენ კლოპისთვისაც, მაგრამ ლივერპულის დამრიგებელი ბუნდესგუნდს კიდევ დიდხანს არ ჩაიბარებს. 54 წლის კლოპმა გერმანულ Bild TV-სთან ინტერვიუში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ამაზეც ისაუბრა.

“იმ შემთხვევაში, თუ ჩემი თავგადასავალი ლივერპულში 2024 წელს დასრულდება, ერთი წელი მაინც უნდა დავისვენო, - განაცხადა კლოპმა ხსენებულ ინტერვიუში, - ასე რომ, ჰანსი ფლიკის კონტრაქტი გერმანიის საფეხბურთო კავშირთან (DFB) 2025 წლამდე უნდა იყოს, თუკი მერე მე ვიქნები კანდიდატი. 2024 წელს ნურავინ დამირეკავს.”

არადა, ფლიკის კონტრაქტი DFB-სთან ზუსტად 2024 წლამდეა გაფორმებული და გერმანიაში იმედი აქვთ, რომ მის შემდეგ ბუნდესგუნდს სწორედ კლოპი ჩაიბარებს. ფლიკის დანიშვნამდე, იოახიმ ლიოვის შემცვლელის ძიების დროს, ფავორიტი კლოპი იყო, მაგრამ მან ლივერპულიდან წასვლა არ მოისურვა.

იურგენი არც იმას გამორიცხავს, რომ ლივერპულში უფრო დიდხანს დარჩეს - ანუ, ახალი კონტრაქტიც გააფორმოს: “ჯერჯერობით ამაზე საუბარი ძალიან ადრეა, რადგან 2024 წლამდე ბევრი დროა დარჩენილი. საიდან უნდა ვიცოდე, რა იქნება 3 წლის შემდეგ? ადამიანების უმრავლესობამ ისიც კი არ იცის, 2-3 კვირაში სად იქნება.”

ხსენებულ ინტერვიუში კლოპმა ემოციურად ისაუბრა ‘ენფილდზე’ ფანების დაბრუნებაზე და აღნიშნა, რომ ეს მისთვის ძალიან განსაკუთრებული მომენტი იყო. “არაჩვეულებრივი, დიდებული ამბავი მოხდა, - თქვა კლოპმა ბარნლისთან მოგებული მატჩის (2:0) ატმოსფეროზე, - გულშემატკივრები იმდენი ხანი არ გვყავდა ნანახი, მგონი 529 დღე, რაც, რა თქმა უნდა, ექსტრემალურად დიდი დროა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ უმაყურებლო ‘ენფილზე’ ამდენ ხანს მოგვიწევდა თამაში.”


შეგახსენებთ, რომ ლივერპულისა და ბარნლის მატჩს ‘ენფილდზე’ 52 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. მათ შორის იყო კლოპის ოჯახიც. “შეიძლება ითქვას, რომ შაბათს ყველანი ძალიან ემოციურად ვიყავით. იყო მომენტები, როცა ცრემლების შეკავება ძალიან მიჭირდა,” - აღნიშნა 54 წლის გერმანელმა მწვრთნელმა.

კლოპს იმედი აქვს, რომ კორონა-სიტუაცია მალე დასტაბილურდება: “ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვითარების ნორმალიზება დაიწყება არა მარტო ინგლისში, ან ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში. ყველას ძალიან გვინდა, რომ მაყურებელი ფეხბურთზე ყველგან დაბრუნდეს და სტადიონები გაივსოს.”

ლივერპულმა ინგლისის ჩემპიონატი 2 გამარჯვებით დაიწყო (ნორვიჩთან 3:0, ბარნლისთან 2:0) და 6 ქულით სატურნირო ცხრილის ერთ-ერთი ლიდერია. 

კომენტარები

ბოლო ამბები