Thumbnail

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე სერენში დაბრუნებასთან ახლოსაა. ამის შესახებ პრაქტიკულად ყველა სანდო ბელგიური გამოცემა წერს. hln.be-ს ცნობით, 20 წლის ფეხბურთელი ბელგიაში ერთწლიანი იჯარით დაბრუნდება.

მიქაუტაძეს ფრანგულ მეცში მთავარი მწვრთნელი ფრედერიკ ანტონეტი არ ენდობა - ლიგა 1-ში მხოლოდ რამდენიმე წუთი ათამაშა ლილთან, ამას ნანტთან მატჩი მოჰყვა, რომელშიც გიორგი სათადარიგო სკამზე დარჩა, ხოლო რეიმსთან სამატჩო განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდა.

პარალელურად, სერენს, რომელიც ბელგიის ჟუპილერ ლიგაში თამაშობს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შეტევის ხაზის გაძლიერება სურს. ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟორდი კონდომმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა და თავდამსხმელის ტრანსფერი დააანონსა. დიდი შანსია, რომ მან სწორედ მიქაუტაძე იგულისხმა.

"გასულ კვირაში შეშფოთებული ვიყავი და მენეჯმენტს ვუთხარი, რომ გარკვეულ პოზიციებზე გაძლიერება გვჭირდებოდა. კარგი ამბავიც მივიღე - მომდევნო კვირაში ცენტრალურ მცველს და თავდამსხმელს დავიმატებთ", - თქვა სერკლ ბრიუგესთან გუშინ მოგებული მატჩის შემდეგ ესპანელმა მწვრთნელმა.

გიორგიმ ლიგა 1-ში მხოლოდ ლილთან ითამაშა, ისიც 5 წუთი

გიორგი მიქაუტაძემ გასული სეზონი სერენში იჯარით გაატარა და გუნდის ჟუპილერ ლიგაში აღზევებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, რადგან 24 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ზაფხულში ის მეცში დაბრუნდა, რომელთანაც კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მოსამზადებელ მატჩებში გოლებიც გაიტანა, მაგრამ ლიგა 1-ში შანსი პრაქტიკულად არ მისცემია. სერენი ჟუპილერ ლიგაში 5 ტურის შემდეგ 6 ქულით (2 მოგება, 3 წაგება) მე-9 ადგილზეა და ბელგიის ჩემპიონატში თამაში ქართველი შემტევისთვის კარგი გამოწვევა უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს მოქალაქეობა მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო, 26 მარტს კი, შვედეთთან მატჩში ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩიც ჩაატარა. შემდეგ მან რუმინეთთან და ნიდერლანდებთანაც ითამაშა, გოლიც გაიტანა - რუმინელებთან ტესტ-მატჩში.

კომენტარები

ბოლო ამბები