Thumbnail

ალექსანდრე ლოლაძემ ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლოლაძემ ფინალში ფრანგი მეტოქე მახრჩობელა ილეთზე დაიჭირა
  • არჩილ მამულაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა 

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ალექსანდრე ლოლაძე (81 კგ.) ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ლოლაძემ ტურნირზე ოთხ მეტოქეს აჯობა: იტალიელი ნიკოლა კიარი იპონით დაამარცხა, რუმინელ ბოგდან პეტრეს ვაზარით აჯობა, ნახევარფინალში, “გოლდენ სქორში” რუს ილია მუსატოვს ასევე ვაზარით მოუგო, ფინალში კი სულ რაღაც 24 წამში ფრანგი ჯეისონ ოკოიე მახრჩობელა ილეთზე დაიჭირა და ოქროს მედალი გაინაღდა.

ლოლაძემ სასტარტო შეხვედრაში იტალიელ მეტოქეს აჯობა

ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ არჩილ მამულაშვილი (90 კგ.) და საბა ქარდავა (+90 კგ.). მამულაშვილმა სლოვენიელ ანეი ჰრიბარსა და რუმინელ რარეშ არსენიეს იპონებით აჯობა, ნახევარფინალში რუს რუსლან სომენკოსთან ვაზარიზე 2-ჯერ დაეცა, მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კი აზერბაიჯანელი ალირზა შიხალიზადა ვაზარიზე დააგდო და მერე შებოჭვაც მიაყოლა. ქარდავამ რუმინელი იონ ბურაგა იპონზე დასცა, თანამემამულე გიორგი ტაბატაძეს 3 შიდო აჰკიდა, ნახევარფინალი რუს ვლადისლავ დოროფეევთან იპონით წააგო, ბრინჯაოს შეხვედრაში კი კვიპროსელი იანის ანტონიუ დააიპონა.

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 17 წევრით იყო წარდგენილი, თუმცა, წინა დღეებში ქართველების აქტივში მედლები არ ყოფილა. ვაჟების გუნდურ ჩათვლაში, ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლით, საქართველოს ნაკრები მე-3 ადგილზე გავიდა. პირველ-მეორე პოზიციები რუსეთმა (4, 3, 1) და აზერბაიჯანმა (2, 1, 2) გაინაწილეს.

კომენტარები

ბოლო ამბები