Thumbnail

'გმირი არ ვარ' - კიაერმა ერიკსენის დრამატული მომენტი გაიხსენა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • სიმონ კიაერმა კრისტიან ერიკსენის დრამატულ მომენტზე ისაუბრა
  • დანიელთა კაპიტანი ფიქრობს, რომ მის ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა

დანიის ნაკრების კაპიტანმა სიმონ კიაერმა კრისტიან ერიკსენის დრამატული მომენტის შესახებ კომენტარი გააკეთა. ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში მან თანაგუნდელს დახმარება ექიმებზე სწრაფად გაუწია და ფეხბურთელის გადარჩენაში დიდი წვლილი შეიტანა.

კიაერმა დეტალურად გაიხსენა მომხდარი და ფიქრობს, რომ გმირი არ არის, რადგან მის ადგილზე ყველა ანალოგიურად მოიქცეოდა.

"გმირი არ ვარ. ეს მომენტი ჩემი ცხოვრების ნაწილი სამუდამოდ იქნება, მაგრამ უბრალოდ ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა - დაუფიქრებლად, როგორც სხვები მოიქცეოდნენ. ჩვენთვის ისტორიული დღე იყო, ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს შინ ვთამაშობდით, ზეიმი იყო და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა და სიჩუმემ დაისადგურა. ეს იყო გუნდური ძალისხმევა, ცხადია იგივეს გავაკეთებდით, ეს მეტოქეს რომ მოსვლოდა. ყველაფერი დაუფიქრებლად გავაკეთე, ინსტიქტებით ვიმოქმედე. ჩემს ცხოვრებაში მსგავსი რამ პირველად და იმედია უკანასკნელად მოხდა. ახლა მთავარი მხოლოდ ის არის, რომ კრისტიანი კარგადაა", - თქვა კიაერმა.

კიაერის დროული რეაგირება გადამწყვეტი იყო

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, კოპენჰაგენში, დანია-ფინეთის მატჩის პირველ ტაიმში კრისტიან ერიკსენი მოედანზე უგონო მდგომარეობაში დაეცა. ფეხბურთელი რამდენიმე წუთის განმავლობაში გათიშული იყო და გულიც გაუჩერდა. ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გულზე ოპერაცია ჩაუტარდა. სამედიცინო პერსონალამდე კრისტიანს პირველად დახმარება სიმონ კიაერმა აღმოუჩინა. ერიკსენი ამჟამად კარგადაა, მაგრამ როდის დაუბრუნდება ფეხბურთს, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები