Thumbnail

ზვიადაური ბრალს არ აღიარებს - მას თავდებში ტალახაძე და ბექაური უდგებიან

  • ოლიმპიურ ჩემპიონს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს
  • ყოფილი ძიუდოისტი და მისი ადვოკატები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან
  • ზვიადაურს შესაძლოა თავდებში ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულები ჩაუდგნენ

ყოფილ ძიუდოისტს, ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ზვიადაურს 8-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიება ზვიადაურს ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავება. საქმე 16 აგვისტოს, წინანდალში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას ეხება, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაურია.

პროკურატურის ვერსიით, ვასილ ცოცხალაშვილმა იქვე მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლასროლი იარაღიდან ნიკა კენჭოშვილს ესროლა. საპასუხო სროლის შედეგად ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე დაიღუპნენ, ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი კი დაიჭრნენ. საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან გაისროლა ზურაბ ზვიადაურმა, რომელმაც ნიკა კენჭოშვილი სასიკვდილოდ დაჭრა. ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს.

ზურაბ ზვიადაური წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ყოფილი სპორტსმენი და პარლამენტის წევრი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ამასთან, ზვიადაურის ადვოკატის ტარიელ მურმანიშვილის თქმით, ზურაბ ზვიადაურს შესაძლოა თავდებში ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულები, ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაურიც ჩაუდგნენ. ცნობისთვის, ბექაური ზვიადაურის ნათლულია. 

"ცნობილ პიროვნებებს, სპორტსმენებს, რომლებიც დაუდგებიან თავდებში, წარვუდგენთ სასამართლოს. ვიცი, რომ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები არიან მზად", - თქვა ადვოკატმა და დაამატა, რომ მხოლოდ ლაშა ბექაურს არ გულისხმობს. 

"ალბათ, ლაშა ტალახაძეც იქნება მზად", - აქვეყნებს ტარიელ მურმანიშვილის სიტყვებს formulanews.ge.

ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს თელავის რაიონულ სასამართლოში, სავარაუდოდ, 19 აგვისტოს განიხილავენ.

ზურაბ ზვიადაურმა 2004 წელს, ათენის ოლიმპიურ თამაშებზე 90 კგ. წონით კატეგორიაში მოახერხა ოქროს მედლის მოგება და ის დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი ოლიმპიური ჩემპიონია. შემდგომში ზვიადაური საქართველოს პარლამენტის წევრიც იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები