Thumbnail

'სიტუაცია დრამატულია' - ბარსელონას ვალმა მილიარდ ევროს გადააჭარბა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჟოან ლაპორტამ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა
  • ბარსელონას პრეზიდენტმა კლუბში არსებულ ფინანსურ ვითარებაზე ისაუბრა

ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და კლუბში არსებულ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე დეტალურად ილაპარაკა. ლაპორტას თქმით, ბარსელონას ჯამური ვალი უკვე ერთ მილიარდ ევროს აჭარბებს.

"კლუბის უარყოფითი აქტივები 451 მილიონი ევროა. კლუბი შემოსავლების 103%-ს ხელფასებზე მიდის, რაც დაახლოებით 20-25%-ით მეტია, ვიდრე ჩვენი კონკურენტები ხარჯავენ. ბარსელონას მთლიანი დავალიანება 1.35 მილიარდი ევროა. ჩვენი ფინანსური მდგომარეობა საგანგაშო და დრამატულია", - თქვა ლაპორტამ.

ლაპორტამ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა

ბარსელონას პრეზიდენტმა ამის შემდეგ მისი წინამორბედი ხოსეპ ბარტომეუ გააკრიტიკა: "წერილი მივიღე ბარტომეუსგან, რომელიც ყურადღებით წავიკითხე. ის სავსეა ტყუილებით, რითაც ცდილობს მისი მოქმედებები გამაართლოს. ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ პასუხისმგებლობას თავი აარიდოს. აბსოლუტურად არ ვეთანხმები ბართომეუს მოყვანილ ციფრებს. მან თქვა, რომ მისი გუნდი არ არის პასუხისმგებელი 2019/20 წლების სეზონის ფინანსურ ანგარიშზე, მაგრამ რეალურად ის და მისი გუნდი პასუხისმგებელნი არიან ყველაფერზე, რაც გუნდში 2021 წლის 17 მარტამდე ხდებოდა და ვერავინ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას. ახალი მენეჯმენტის პირველი მოთხოვნა იყო 80 მილიონი ევროს სესხის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელფასების გადახდას ვერ შევძლებდით. ხელფასებთან დაკავშირებით არასწორი პოლიტიკა იყო გატარებული, რამაც ზიანი ბევრს მიაყენა. ახალგაზრდებს - ხანმოკლე, ვეტერანებს კი ხანგრძლივი კონტრაქტები ჰქონდათ. პრობლემები იყო "კამპ ნოუსთან" დაკავშირებითაც და ამ საკითხზე 1.1 მილიონი ევრო დავხარჯეთ".

ლაპორტამ კომენტარი ლიონელ მესის გუნდიდან წასვლის შესახებაც გააკეთა: "ვიცოდით, რომ სიტუაცია შემაშფოთებელი იყო, მაგრამ მე და ჩემს თანაგუნდელებს გვიყვარს ბარსელონა და გეგმა გვქონდა. ახლა კარგ განწყობაზე ვარ, დარწმუნებულები ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ. სამწუხაროა, რომ ლეო წავიდა, მაგრამ ეს აუცილებელი იყო, რადგან კლუბი უპირველესია. მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა, მას აქვს საკუთარი მიზნები და მისწრაფებები. ჰქონდა შემოთავაზებები სხვადასხვა კლუბებიდან. ვესაუბრეთ მას, მოსალოდნელი იყო, რომ მოლაპარაკებები ნაყოფს გამოიღებდა, მაგრამ ეს არ მოხდა. მესის მაინც პატივს ვცემთ. სამწუხაროა, რომ ეს ისტორია დასრულდა, თუმცა მესის შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს არის ახალი ერა, რომელიც იწყება. თუ ყველანი ერთად ვიქნებით, წარმატება მოვა, ამაში დარწმუნებული ვარ. მჯერა, რომ რამდენიმე წელიწადში კლუბის ფინანსური მდგომარეობა გაჯასანღდება".

ბარსელონას პრეზიდენტმა ასევე ილაპარაკა ჟერარ პიკეს სამაგალითო საქციელზე, რომელმაც ხელფასი შეიმცირა და ამის ხარჯზე კლუბმა მემფის დეპაის, ერიკ გარსიასა და რეი მანაის დარეგისტრირება მოახერხა:

"კმაყოფილები ვართ, უპირველეს ყოვლისა პიკესთან მიღწეული შეთანხმებით. არიან, ფეხბურთელები, რომლებიც გარკვეულ შემთხვევებში მხოლოდ ფეხბურთელები არ არიან, პიკეს განსაკუთრებულად უყვარს ბარსელონა. მან დაინახა, რომ კრიტიკულ ვითარებაში ვართ და სამაგალითო საქციელი გამოავლინა, რასაც ყველა არ აკეთებს. ვიმედოვნებთ, რომ პიკეს სხვა კაპიტნებიც (სერხიო ბუსკეტსი, ჟორდი ალბა, სერხი რობერტო) მიბაძავენ. მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს".

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ ახალი სეზონი კარგად დაიწყო და ლა ლიგის პირველ ტურში სან სებასტიანის რეალ სოსიედადი 4:2 დაამარცხა. რონალდ კუმანის გუნდი მე-2 ტურში სტუმრად კიდევ ერთ ბასკურ კლუბს, ბილბაოს ატლეტიკს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები