Thumbnail
  • ულსანის ქართველი ლეგიონერის გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგის საიტმა გამოარჩია
  • 28 წლის ნახევარმცველის ეფექტური გოლი გამოკითხვას დამაჯერებლად ლიდერობს

აზიის ჩემპიონთა ლიგის (AFC) ოფიციალურმა საიტმა ვაკო ყაზაიშვილის გოლი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასულ ხუთ რჩეულ გოლს შორის დაასახელა, მათგან საუკეთესოს კი გულშემატკივრები ამავე საიტზე მიმდინარე გამოკითხვით შეარჩევენ. 

საქართველოს ნაკრების 28 წლის შემტევმა ნახევარმცველმა, რომელიც სამხრეთკორეული ულსან ჰიუნდაის ღირსებას იცავს, ეფექტური გოლი ვიეტნამის ვიეტელთან, აზიის ჩემიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში გაიტანა, რომელიც მისი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასარულდა. ვაკომ დრიბლინგის შედეგად შეაგდო და ანგარიში გახსნა.

გამოკითხვაში, რომელიც AFC-ის საიტზე მიმდინარეობს, ვაკოს გარდა, აბდერაზაკ ჰამდალა (ალ ნასრი), კარლოს ედუარდო (შაბაბ ალ აჰლი დუბაი), მოჰამედ დაუდი (ალ შორტა) და ლეანდრო დომიაო (კავასაკი ფრონტალე) მონაწილეობენ. გამოკითხვა 17 აგვისტოს დასრულდება, ამ დროისთვის კი ქართველი ფეხბურთელი დამაჯერებლად ლიდერობს - ხმათა 82,67%-ით.

"ქართველი შემტევი ვალერი ყაზაიშვილი, რომლის ტექნიკურ არსენალსა და დრიბლინგს სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მაყურებლები კარგად იცნობენ, თავისი შესაძლებლობები სრულად კონტინენტურ არენაზეც წარმოაჩინა. ფეხბურთელმა, რომელიც “ვაკოს” სახელითაა ცნობილი, უკან სამი მცველი ჩამოიტოვა, შემდეგ კი ვიეტელის მეკარეს ზუსტად დაურტყა და ანგარიში გახსნა", - წერს საიტი.

ვაკომ გოლის მომენტში მეტოქის ერთბაშად რამდენიმე მცველი მოატყუა

შეგახსენებთ, რომ ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთკორეულ გუნდში მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა, ულსან ჰიუნდაიმ კი, რომელიც აზიის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, 2021 წლის ტურნირის ჯგუფური ეტაპი დამაჯერებლად მოიგო. ვაკოს გუნდმა F ჯგუფში ექვსივე თამაშში გაიმარჯვა, გაიტანა 13 გოლი და გაუშვა მხოლოდ 1 და 1/8-ფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ იაპონური კლუბი, კავასაკი ფრონტალე ჰყავს. ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში ითამაშა, გაიტანა 3 გოლი და მიითვალა 2 საგოლე პასი.

ვაკო ყაზაიშვილი საქართველოს საზღვრებს გარეთ 2011 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელი სამხრეთ კორეაში გადაბარგებამდე ნიდერლანდურ ვიტესში, პოლონურ ლეგიასა და ამერიკულ სან ხოსეში გამოდიოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები