Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი განახლებულ კლასიფიკაციაში 43-ე ადგილზეა
  • რაფაელ ნადალის ადგილი ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა დაიკავა
  • ახალი კლასიფიკაცია გამოაქვეყნა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამაც

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელსაც ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ პირველი ტურნირი მიმდინარე კვირას ელის, მსოფლიო რეიტინგში კიდევ 2 პოზიცია დაკარგა.

ATP-ს ახალი კლასიფიკაცია დღეს გამოქვეყნდა და ნიკოლოზი 1 498 ქულით 43-ე ადგილზეა. მისი გადასწრება ამერიკელმა ტეილორ ფრიცმა და ავსტრალიელმა ჯონ მილმანმა მოახერხეს. სამივე ეს ჩოგბურთელი კანადაში იმყოფება, სადაც უკვე აიღო სტარტი ტორონტოს პრესტიჟულმა ტურნირმა (National Bank Open presented by Rogers) საპრიზო ფონდით 3 487 915 დოლარი.

ბასილაშვილი ხვალ პირველ რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე ჯეისონ ბრუკსბის ეთამაშება და იოლი მატჩი ნამდვილად არ ელის. საქმე ის გახლავთ, რომ 20 წლის ამერიკელმა ჩოგბურთელმა გასულ კვირას ვაშინგტონის ტურნირის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა და იქ მომავალ ჩემპიონ იანიკ სინერთან (იტალია) წააგო.

შედეგად, ბრუკსბიმ რეიტინგის მოწინავე ასეულში კარიერაში პირველად შეაღწია და მისთვის სარეკორდო 97-ე ადგილზე იმყოფება. თუკი ბასილაშვილმა ამერიკელი ჩოგბურთელის დამარცხება მოახერხა (2019 წლის აშშ-ს ღია პირველობაზე ნიკოლოზს ჯეისონთან 3:6, 7:6, 7:5, 6:2 აქვს მოგებული), მე-2 რაუნდში მე-12 განთესვის მქონე ავსტრალიელ ალექს დე მინორს ეთამაშება.

კლასიფიკაციაში მისთვის სარეკორდო მე-15 საფეხურზე გადაინაცვლა ხსენებულმა სინერმა, მთავარი ცვლილება კი მოწინავე სამეულს ეხება, რომელიც თითქმის 4.5 წლის მერე პირველად დატოვა რაფაელ ნადალმა. ესპანელმა ვარსკვლავმა ვაშინგტონის ტურნირის მერვედფინალში სენსაციურად წააგო სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჰარისთან და მე-3 პოზიცია ბერძენ სტეფანოს ციციპასს გადაულოცა, პირველ-მეორე ადგილებზე კი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და რუსი დანიილ მედვედევი იმყოფებიან.

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში მეზობლად იმყოფებიან საქართველოს ნაკრების ლიდერები: 29 წლის ეკატერინე გორგოძე 469 ქულით 165-ეა, ხოლო 23 წლის მარიამ ბოლქვაძეს 464 ქულით 167-ე ადგილი უკავია. ამ დროისთვის, ქართველი ჩოგბურთელები პენსილვანიაში (აშშ) იმყოფებიან და ლენდისვილის საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლას ეცდებიან.

მარიამ ბოლქვაძე ლენდისვილის ტურნირის ძირითად ბადეში გასასვლელად იბრძოლებს 

გორგოძე KOSER JEWELER TENNIS CHALLENGE-ის კვალიფიკაციაში პირველ ნომრად არის განთესილი და საწყის რაუნდში ამერიკელ შარლოტ ჩავატიპონს ეთამაშება, ხოლო მე-2 რეიტინგის მქონე ბოლქვაძის მეტოქე ასევე მასპინძელი მარია მატეასი იქნება.

ბასილაშვილის მსგავსად, კანადაში იმყოფება 30 წლის ოქსანა კალაშნიკოვა, იმ სხვაობით, რომ ის ძალებს მონრეალის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 1 835 490 დოლარი) მოსინჯავს და ტრადიციულად, მხოლოდ - წყვილთა შეჯიბრში. კალაშნიკოვა და ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი Omnium Banque Nationale présenté par Rogers-ის საწყის შეხვედრაში პოლონელ მაგდა ლინეტსა და ამერიკელ ბერნარდა პერას ეთამაშებიან. წყვილთა განახლებულ რეიტინგში ოქსანა 1 434 ქულით 70-ე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები