Thumbnail

ტოკიოში დასრულებული ოლიმპიური საკალთბუთო ტურნირის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) კევინ დურანტი გახდა, რომელიც აშშ-ს ნაკრების მაისურით ოქროს მედალს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელებმა ფინალში საფრანგეთს 87:82 სძლიეს, 32 წლის დურანტმა კი 29 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. კევინის საშუალო მონაგარი 20.7 ქულა, 5.3 მოხსნა და 3.7 პასი იყო.

ამერიკელი ვარსკვლავი ორქულიანებს 66.7%-ით ესროდა, სამქულიანებს – 37.5%-ით, ხოლო საჯარიმოებს – 90.5%-ით. ოლიმპიადის ფინალებში ჩაგდებული ქულების მხრივ, დურანტი ყველა დროის რეკორდსმენია. 2012 და და 2016 წლებში მან 30-30 ქულა მოაგროვა. ვთქვათ ისიც, რომ აშშ-ს ნაკრები ოქროს მედლების მფლობელი ზედიზედ მეოთხედ გახდა.

ცხადია, დურანტი ოლიმპიადის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა, სადაც მის გარდა ესპანელი რიკი რუბიო, ავსტრალიელი პატი მილსი, სლოვენიელი ლუკა დონჩიჩი და ფრანგი რუდი გობერი დაასახელეს.

30 წლის რუბიო გასული ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მისი საშუალო მონაგარი 25.5 ქულა, 3.5 მოხსნა და 6.0 პასი იყო. ესპანელ უკანახაზელს საშუალოდ 24.5 წუთში ორქულიანებში 54.3%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, სამქულიანებში – 47.8%, ხოლო საჯარიმოებში – 82.6%.

32 წლის მილსი საშუალოდ 32.5 წუთში 23.3 ქულას, 3.5 მოხსნასა და 6.3 პასს აგროვებდა და პერიმეტრიდან 39.3%-იანი სიზუსტით ესროდა.

22 წლის დონჩიჩი ტოკიოში საშუალოდ 32.7 წუთში თითქმის სამმაგი დუბლს ასრულებდა: 23.8 ქულა, 9.7 მოხსნა და 9.5 პასი. სლოვენიელ ტალანტს სამქულიანებში 30.4% ჰქონდა.

29 წლის გობერი, რომელიც ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, საშუალოდ 26.0 წუთში 12.2 ქულას, 9.3 მოხსნასა და 1.2 პასს აგროვებდა. ის თამაშიდან 63.6%-ით ესროდა, საჯარიმოებში კი 54.8% ჰქონდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ტოკიოში ბრინჯაოს მედლებს ავსტრალიის ნაკრები დაეუფლა, რომელმაც მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში სლოვენიას 107:93 სძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები