Thumbnail

სკანდალი ოლიმპიადაზე კარატეში - გერმანელი აზერბაიჯანელს ადანაშაულებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გერმანელი კარატისტი დარწმუნებულია, რომ ბრძოლა გარიგებული იყო
  • მისი აზრით, აზერბაიჯანელმა იტალიელთან გამიზნულად წააგო
  • 7 აგვისტოს ოლიმპიადაზე ქართველი კარატისტიც იასპარეზებს

ოლიმპიურ თამაშებზე მედლებისთვის ბრძოლა კარატეშიც დაიწყო და პირველი სკანდალიც მოხდა!

გერმანელი კარატისტი ნოა ბიტში და მისი მწვრთნელი თომას ნიტშმანი ჯგუფური ეტაპის ვერგადალახვის შემდეგ ორ კონკურენტ სპორტსმენს აზერბაიჯანიდან და იტალიიდან თაღლითობაში ადანაშაულებენ. 31 წლის გერმანელი განსაკუთრებით აზერბაიჯანელ მეტოქეზეა გაბრაზებული. მისი თქმით, კონკურენტების ბრძოლა გარიგებული იყო!

აი, რა მოხდა: იმისათვის, რომ 75 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალში გასულიყო, ბიტშს ჯგუფში პირველი ან მეორე ადგილი უნდა დაეკავებინა. საბოლოოდ კი გერმანელი მესამე ადგილზე გავიდა და ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა. იგი აზერბაიჯანელი რაფაელ აგაიევთან დამარცხდა, მერე ყაზახ ნურკანატ აშიკანოვს მოუგო და მესამე ბრძოლაში იტალიელ ლუიჯი ბუსასთან დამარცხდა. შესაბამისად, გერმანელის ჯგუფიდან გასვლა აგაიევისა და ბუსას ბრძოლის შედეგზე იყო დამოკიდებული.

“ვინც მათ იცნობს, მიხვდება, რომ იტალიელის და აზერბაიჯანელის ბრძოლა გარიგებული იყო!” - განაცხადა გერმანელის მწვრთნელმა ნიტშმანმა დუელზე, რომელშიც აზერბაიჯანელი იტალიელთან დამარცხდა. მისი აზრით, “აგაიევმა ბუსას მოაგებინა, რათა ნახევარფინალში ორივე გასულიყო.” საინტერესოა, რომ ბუსას რომ ვერ მოეგო, ჯგუფში მეორე ადგილს სწორედ ნოა ბიტში დაიკავებდა, მაგრამ იტალიელმა მოიგო.

გერმანელი კარატისტი ნოა ბიტში

“არ ვიცი, ეს რატომ გააკეთეს. მე მათ კარგ ტიპებად ვიცნობ. ოლიმპიადაზე ფეარ პლეი ყველაზე მნიშვნელოვანია. ოლიმპიურ თამაშებს არ ეკადრება ის, რაც მათ მოიმოქმედეს,” - აცხადებს გერმანელი კარატისტი და ამბობს, რომ კარიერას ამთავრებს.

შეგახსენებთ, რომ კარატე ოლიმპიურ თამაშებზე წელს პირველადაა წარმოდგენილი, თუმცა 2024 წელს, პარიზის თამაშებზე პროგრამიდან ისევ ამოიღებენ. 7 აგვისტოს, ტოკიოს თამაშებზე ქართველი კარატისტიც იასპარეზებს: გოგიტა არქანია A ჯგუფში მოხვდა და პირველ შეხვედრას იაპონელ რიუტარო არაგასთან გამართავს, რომელიც მსოფლიოს ერთგზის ჩემპიონი და ორგზის ვერცხლისმედალოსანია. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადის და ამით სპორტსმენი მინიმუმ ბრინჯაოს მედალს ინაღდებს.

კომენტარები

ბოლო ამბები