Thumbnail

'მტკივნეულია' - ჰარი კეინი ტოტენჰემში ვარჯიშის გაცდენაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გავრცელებული ინფორმაციით, კეინი სიტიში გადასვლასთან ახლოსაა
  • ტოტენჰემის თავდამსხმელი მედიაში გავრცელებულ ხმებს გამოეხმაურა
  • 27 წლის ფეხბურთელი კრიტიკულ კომენტარებს მტკივნეულად იღებს

ტოტენჰემის თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ბოლო დროს მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებზე კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა. მედიაში დაიწერა, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტანი, რომელიც კლუბის შეცვლასთან ახლოსაა, ტოტენჰემის ვარჯიშზე არ გამოცხადდა და ამის გამო კლუბის ხელმძღვანელობა მის ჯარიმით დასჯას აპირებდა. 

27 წლის ფეხბურთელის თქმით, ეს ამბავი გამოგონილია იმ სპეკულაციების ფონზე, რომლის თანახმად, ჰარი მანჩესტერ სიტიში გადასვლასთან ახლოსაა და ტოტენჰემის ვარჯიშების ბოიკოტირების მიზანი სწორედ ამ ტრანსფერის განხორციელებაა.

"უკვე 10 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ტოტენჰემში დებიუტი მქონდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში თქვენგან - ფანატებისგან, სრულ მხარდაჭერასა და სიყვარულს ვგრძნობდი. მით უფრო მტკივნეულია ჩემთვის ზოგიერთი კომენტარის წაკითხვა, რომლებიც ამ კვირაში გაკეთდა და მათში ჩემი პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ დააყენეს. 

ვითარების დეტალებში გადმოცემას არ მოვყვები, მაგრამ მინდა განვმარტო: არასდროს მითქვამს და ვიტყვი ვარჯიშზე უარს. ხვალ კლუბში ვბრუნდები, როგორც დაგეგმილი იყო. 

არ გავაკეთებ ისეთ რამეს, რითაც რისკის ქვეშ დავაყენებ იმ გულშემატკივრებთან ურთიერთობას, რომლებისგანაც კლუბში გატარებული პერიოდის განმავლობაში მხარდაჭერა მქონდა. ყოველთვის ასე იყო და ასეა ახლაც", - დაწერა კეინმა ტვიტერში.

ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ევრო 2020-ის ფინალი წააგო

ჰარი კეინი ლონდონური კლუბის ახალგაზრდულ გუნდში 2004 წელს მოხვდა, 2009 წელს კი ის ძირითად გუნდში დააწინაურეს, რის შემდეგაც ტოტენჰემში 242 მატჩი ჩაატარა და 166 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები