Thumbnail

ოლიმპიადა | ლაშა ტალახაძემ ატაცში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

იაპონიაში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობაში ქართული დელეგაციის მედროშე, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე ჩაება, რომელიც ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტია.

მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა (+109) თავისი შესაძლებლობები ტოკიოს საერთაშორისო ფორუმის დარბაზის ფიცარნაგზე პირველ მოძრაობაში - ატაცში წარმოაჩინა და როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და თავისივე მსოფლიო რეკორდიც გააუმჯობესა.

ლაშამ პირველ ცდაზე უპრობლემოდ 208 კგ-იანი შტანგა დააფიქსირა, მეორეზე - 215, მესამეზე კი - 223 და მსოფლიო და ამავდროულად, ოლიმპიური რეკორდი დაამყარა. 

ატაცში მეორე შედეგი ირანელ ალი დავოუდის ჰქონდა (200 კგ), მესამე - სირიელ მან ასაადს (190). 

ატაცი: 208 კგ - ✅, 215 კგ - ✅, 223 კგ - ✅

მეორე მოძრაობაში - აკვრაში გამოსვლა მალე დაიწყება. 

27 წლის ლაშა ტალახაძე რიოს 2016 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული, მსოფლიოს 4-გზის და ევროპის 5-გზის ჩემპიონია. ტოკიოს თამაშებამდეც ყველა მსოფლიო რეკორდი სწორედ ქართველ ძალოსანს ეკუთვნოდა (ატაცში - 222, აკვრაში - 264, ორჭიდში - 485).   

ტოკიოს ოლიმპიადაზე ძალოსნობაში საქართველო ოთხი სპორტსმენით წარსდა და მანამდე ბრინჯაოს მედალი ანტონ პლესნოიმ (-96 კგ) მოიპოვა. ამჟამად ჩვენი ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე ჯამში 6 მედალია - 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

კომენტარები

ბოლო ამბები