Thumbnail

3 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კიდევ 2 წევრი ჩაერთვება: 2018 წლის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და მსოფლიოს პირველობის ვერცხლის მედალოსანი რამაზ ზოიძე (67 კგ.) და მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროსა (2019) და ბრინჯაოს (2015) მედლების მფლობელი და 2019 წლის ევროპირველობის ფინალისტი ლაშა გობაძე (87 კგ.).

25 წლის ზოიძეს პირველივე რაუნდში უმძიმესი ორთაბრძოლა ელის, რადგანაც გასული ოლიმპიადის ჩემპიონსა და მსოფლიოს ჩემპიონატის 2-გზის (2015, 2019) გამარჯვებულს – კუბელ ისმაელ ბორეროს გაიჯიბრება. თუკი ქართველმა ფალავანმა წარმატებას მიაღწია, მეოთხედფინალში ტუნისელ სულეიმან ნასრისა და ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ აკერ ალ ობაიდის წყვილში უმჯობსს შეხვდება.

ასევე მერვედფინალიდან აიღებს სტარტს 27 წლის გობაძე, რომლის პირველი მეტოქეც მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლისა (2015) და ბრინჯაოს (2019) მედლების მფლობელი - უზბეკი რუსტამ ასაკალოვი იქნება. თუკი საქართველოს ნაკრების წევრმა მოიგო, მომდევნო რაუნდში ხორვატ ივან ჰუკლეკსა და ამერიკელ ჯონ ვოლტერ სტეფანოვიჩს შორის გამარჯვებულს დაელოდება.

არსებობს შანსი, რომ ნახევარფინალში გობაძე სერბეთის სახელით მოასპარეზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს შეხვდეს. ამისთვის, ზურას სასტარტო შეხვედრაში რიოს ოლიმპიადის ფინალისტის, მსოფლიოს 2-გზისა (2015, 2019) და ევროპის 3-გზის (2014, 2016, 2019) ჩემპიონ ჟან ბელენიუკის (უკრაინა) ძლევა მოუწევს.

3 აგვისტოს საკვალიფიკაციო შეხვედრები სტარტს თბილისის დროით 07:00 საათზე დაიწყება. ზოიძისა და ბორეროს ორთაბრძოლა A ხალიჩაძე რიგით მეორეა, ხოლო გობაძე და ასაკალოვი C ხალიჩაზე მე-5 წყებაში იჭიდავებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები