Thumbnail
  • რომერომ ბარსელონას ტოტენჰემი არჩია
  • მხარეები ყველაფერზე უკვე შეთანხმებულები არიან
  • ატალანტა ამ ტრანსფერით 30 მილიონზე მეტს მოიგებს

იტალიური პრესის ცნობით კრისტიანო რომეროსთან დაკავშირებული სატრანსფერო საგა ხვალ დასრულდება. რომერო იტალიაში გასული სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. არგენტინელმა ატალანტას რიგებში ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა და კოპა ამერიკაზეც შეუცვლელი იყო. ამის შემდეგ ის დიდი გუნდების სამიზნე გახდა.

ფავორიტი თავიდანვე ტოტენჰემი იყო, რომლის ახალი სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ძალიან კარგად იცნობს იტალიურ ბაზარს. თუმცა, რომეროს გადაყვანა ბარსელონასაც უნდოდა, რომელსაც დაცვის ცენტრში წლებია პრობლემები აქვს. იტალიური პრესის ცნობით, ატალანტა ტოტენჰემთან ფასზე უკვე შეთანხმებულია. ინგლისელები ბევრად მეტს იხდიან, ვიდრე ფინანსურ კრიზისში მყოფი ბარსელონა. გადამწყვეტი თავად რომეროს სურვილი უნდა ყოფილიყო. ის შვებულებიდან გუშინ დაბრუნდა და იტალიური პრესის ცნობით ატალანტას უკვე უთხრა, რომ მას სწორედ ტოტენჰემში წასვლა უნდა.

არგენტინელს 'სპურსთან' პირადი კონტრაქტიც უკვე შეთანხმებული აქვს. ატალანტამ რომერო იუვენტუსიდან ორ მილიონად ინათხოვა და ახლა გამოსყიდვა 16 მილიონად შეუძლია. ტოტენჰემი კი მასში დაახლოებით 50 მილიონის ფარგლებში გადაიხდის. ანუ ბერგამოელები დიდ ფინანსურ მოგებას ნახავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები