Thumbnail

სუპერთასი ლილმა მოიგო - პსჟ-მ სეზონი ტიტულის დაკარგვით დაიწყო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლილი 1:0 პსჟ | გოლი: 1:0 შეკა (45)
  • ლილმა ჩემპიონობას სუპერთასის ტიტულიც დაუმატა

საფრანგეთში 2021/22 წლების სეზონი ოფიციალურად დაიწყო და საფრანგეთის სუპერთასზე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ლილი თასის მფლობელ პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდა. თამაში თელ-ავივში გაიმართა და სავსე ტრიბუნების ფონზე.

პსჟ-მ ახალი სეზონი მარცხით დაიწყო და ლილმა მოახერხა პარიზული გუნდის დამარცხება. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც პირველის ბოლოს შეკამ გაიტანა. პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და უძლიერესი, ულამაზესი და რაც მთავარია უზუსტესი დარტყმით კეილორ ნავასის კარი დალაშქრა.

ლილმა სუპერთასზე პსჟ-ს ჰეგემონია დაამხო

მე-2 ტაიმში პსჟ-მ ანგარიშის გათანაბრება სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა და დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ მაურისიო პოჩეტინოს გუნდს ძალიან ბევრი ფეხბურთელი აკლდა, ზოგი შვებულების, ზოგიც ტრავმების გამო, მაგალითად, სერხიო რამოსი, ჯანლუიჯი დონარუმა, მარკო ვერატი, ნეიმარი და კილიან მბაპე, ტიტულის დაკარგვით სეზონის დაწყება მაინც არასასიამოვნო ფაქტია.

ლილმა კი საფრანგეთის სუპერთასი ისტორიაში პირველად მოიგო და ახალი სეზონი გასული სეზონის ტრიუმფატორმა მაჟორულ განწყობაზე დაიწყო. პსჟ-ს საფრანგეთის სუპერთასი ზედიზედ 8-ჯერ ჰქონდა მოგებული (2013-2020 წლებში) და ეს ჰეგემონია ლილმა დაამხო.

კომენტარები

ბოლო ამბები