Thumbnail
  • ⌚ 06:30 | 🏟 მაკუჰარი | 🤼 გიორგი მელია v მუსა ევლოევი. 1/8 ფინალი
  • ⌚ 15:35 | 🏟 მაკუჰარი | 🤼 იაკობ ქაჯაია v მიიან ლოპესი. ფინალი

ორშაბათს, 2 აგვისტოს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს, ორივე მოჭიდავე. თუ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელია (97 კგ) ასპარეზობას ახლა იწყებს, იაკობ ქაჯაიამ (130) სამი ორთაბრძოლა უკვე მოიგო და გადამწყვეტი დაპირისპირება ელის - ოლიმპიადის ფინალი.

იაკობ ქაჯაიამ ზედიზედ სამი ორთაბრძოლა მოიგო და ფინალშია

გიორგი მელიას ცუდი წილისყრა შეხვდა - ქართველი ფალავანი სასტარტო წრეშივე პირველი განთესვის მქონე რუს მუსა ევლოევს დაუპირისპირდება. 

თუკი მელიამ მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა, უნგრელ ალექს შოკესა და ჩეხ არტურ ომაროვს შორის უმჯობესს გაეჯიბრება, ნახევარფინალში კი, შესაძლოა, მიხეილ ქაჯაიას გადაეყაროს, რომელიც 2017 წლის მერე სერბეთის სახელით ჭიდაობს და მსოფლიოს ჩემპიონატების 2-გზის (2018, 2019) ბრინჯაოს პრიზიორი და ევროპირველობის ვერცხლის მედალოსანია (2018).

2 აგვისტოს, ფინალში ქაჯაიას მეტოქე კუბელი 38 წლის მიაინ ლოპეს ნუნიესი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში თურქი რიზა კაიაალპი 2:0 დაამარცხა. 


კუბელ გოლიათს გასული სამი ოლიმპიადა (2008, 2012, 2016) აქვს მოგებული და 5-გზის მსოფლიოს ჩემპიონიცაა. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება, ქაჯაიასა და ნუნიესის ფინალი კი რიგით მე-6 ორთაბრძოლა იქნება.

3 აგვისტოს საქმეში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კიდევ 2 წევრს ვიხილავთ: რამაზ ზოიძესა (67 კგ.) და ლაშა გობაძეს (87 კგ.).

ტოკიო 2020: 2 აგვისტოს მთავარი მოვლენები

ორშაბათს, 2 აგვისტოს ოლიმპიური მედლები სპორტის 9 სახეობაში გათამაშდება, სულ 22 კომპლექტი:

ტანვარჯიში (ვაჟები რგოლები; ვაჟები ბჯენითი ხტომები; ქალები თავისუფალი); მძლეოსნობა (ვაჟები 3 000 მ. სტიპლჩეისი; ვაჟები სიგრძეზე ხტომა; ქალები 5 000 მ; ქალები 100 მ. წინაღობებით; ქალები დისკოს სროლა); ბადმინტონი (ქალები წყვილები; ვაჟები ერთეულები); ველოტრეკი (ქალები გუნდური სპრინტი); ცხენოსნობა (სამჭიდი; სამჭიდი ინდივიდუალური); აფროსნობა (ქალები სკიფი; ვაჟები სკიფი); სროლა (ვაჟები 50 მ. შაშხანა; ვაჟები 25 მ. პისტოლეტი რაპიდი); ძალოსნობა (ქალები 87 კგ; ქალები +87 კგ); ჭიდაობა (ქალები 76 კგ; ბ-რ ვაჟები 60 კგ; ბ-რ ვაჟები 130 კგ). 

კომენტარები

ბოლო ამბები