Thumbnail
  • გრაცის შტურმმა სტუმრად ვოლფსბერგერს 4:1 მოუგო
  • ლუკა ლოჩოშვილმა ითამაშა, გურამ გიორბელიძემ - არა

ავსტრიის ბუნდესლიგის 2021/22 წლების სეზონში ოთარ კიტეიშვილმა პირველი გოლი გაიტანა. გრაცის შტურმის ნახევარმცველმა სტუმრად ვოლფსბერგერის წინააღმდეგ მოახერხა თავის გამოჩენა.

ანგარიში მასპინძლებმა მე-15 წუთზე გახსნეს, მაგრამ 16 წუთში უკვე შტურმი იგებდა და სწორედ კიტეიშვილმა შეძლო თავისი გუნდის დაწინაურება - ოთარმა კუთხურის გათამაშების შემდეგ თავური დარტყმით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში პირველი სამი გოლი სწორედ კუთხურს მოჰყვა. შტურმმა თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, რადგან 25-ე წუთიდან 37-ე წუთამდე მეტოქეს 4 გოლი გაუტანა და 4:1 დაწინაურდა. მე-2 ტაიმში გოლი აღარ გასულა და გრაცელებმა იოლად იმარჯვეს.


კიტეიშვილი 88-ე წუთზე შეცვალეს, მან რამდენიმე დღის წინ ამხანაგურ მატჩში იტალიურ უდინეზეს გაუტანა ლამაზი გოლი, მანამდე ავსტრიის თასზეც გამოიჩინა თავი, ამჯერად კი სეზონის პირადი ანგარიში ბუნდესლიგაშიც გახსნა.

ვოლფსბერგერის შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა, ხოლო გურამ გიორბელიძე განაცხადში არ იყო. გერმანელი მწვრთნელი რობინ დუტი ლოჩოშვილს ენდობა და ორივე ტურში შეუცვლელად ათამაშა, რასაც ვერ ვიტყვით გიორბელიძეზე, რომელსაც ამ სეზონში წუთიც არ უთამაშია

კიტეიშვილს თანაგუნდელები გოლს ულოცავენ

გრაცის შტურმს ორ ტურში 3 ქულა აქვს, მე-4 ადგილზეა და მომდევნო ტურში 7 აგვისტოს, ალტახს უმასპინძლებს, ვოლფსბერგერი კი 1 ქულით მე-11 პოზიციაზე და 8 აგვისტოს, ვენის რაპიდს სტუმრად დაუპირისპირდება.

დღეს, რუსეთის პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა ლუკა გაგნიძეს. 18 წლის ნახევარმცველმა, რომელიც ურალის რიგებში თამაშობს, ნიჟნი ნოვგოროდთან (1:1) 58-ე წუთიდან ითამაშა. გაგნიძე ცოტა ხნის წინ დინამო თბილისიდან მოსკოვის დინამომ შეიძინა, მაგრამ რუსულმა კლუბმა ის ურალში გაანათხოვრა.

კომენტარები

ბოლო ამბები