Thumbnail

NBA-ის 2021 წლის დრაფტზე ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონა მილუოკი ბაქსმა სეტონ ჰოლის კოლეჯის ვარსკვლავი სანდრო მამუკელაშვილი აიყვანა. 22 წლის მამუკელაშვილი მე-7 ქართველია, ვინც NBA-ის დრაფტზე აირჩიეს. თუ ის მილუოკიში დამკვიდრდება, გახდება მე-6 ქართველი, ვინც მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ითამაშა. 

სანდრო უკვე მილუოკის კალათბურთელია

დრაფტის მე-2 წრის პირველ ნომრად (31-ე) მილუოკიმ აიზეა ტოდი აირჩია, მაგრამ მისი უფლება უმალ ინდიანა პეისერსს გაუცვალა (ინდიანამ შემდეგ ტოდი ვაშინგტონში გაუშვა). სანაცვლოდ ჩემპიონმა დრაფტის მე-2 წრის ორი მოთამაშე მიიღო - 54-ე ნომერი სანდრო მამუკელაშვილი და მე-60 ნომერი გეორგიოს კალაიცაკისი. ინდიანა მილუოკისგან ასევე მიიღებს მე-2 წრის დრაფტის მოთამაშეებს 2024 და 2026 წლებში. 

"ამ ორი მოთამაშიდან ყველაზე დიდი ინტრიგის მატარებელი სანდრო მამუკელაშვილია, "მაღალი", რომელსაც გამთამაშებლის უნარები აქვს. The Athletic-ის სემ ვესინმა მამუკელაშვილი დრაფტის წინ 45-ე ადგილზე დააყენა და მას უწოდა 2021 წლის დრაფტის ყველაზე უცნაური მოთამაშე. 

2021 წლის დრაფტზე ყველაზე მეტი კალათბურთელი სანდროს სკოლიდან, მონტვერდედან აირჩიეს. მათ შორის არის დრაფტის პირველი ნომერი კეიდ კანინგემი. ეს ფლორიდელების მიერ დამყარებული აბსოლუტური რეკორდია, არც ერთ სხვა სკოლას არ ჰყოლია ერთ დრაფტზე 6 მოთამაშე. აქვე აღსანიშნავია, რომ არ ჯეი ბარეტი ასევე სანდროს გუნდელი იყო მოტვერდეში. ის ჯერ კიდევ 2019 წლის დრაფზე (მე-3 ნომერი) აირჩიეს.  

Milwaukee Journal Sentinel: "მილუოკი პირველი ჩემპიონი არ არის, რომელსაც უკვე გარკვეული აქვს სასტარტო შემადგენლობა. პეტ კონაუტონი ალბათ დაამატებს (ან დაიბრუნებს), რომელიმე ვეტერანს როტაციისთვის. ეს მამუკელაშვილს ცოტა სივრცეს უტოვებს იმისთვის, რომ გუნდში ეგრევე გამოჩნდეს, თუმცა ის გამოცდილი მოთამაშეა (4 სეზონი კოლეჯთა ლიგაში), რომელიც მუდამ პროგრესირებს. სანდრო საკმაოდ სერიოზულ კონკურენციაში ჩაებმება წუთებისთვის ბრძოლაში, თუმცა ბაკსში ბობი პორტისისა და ტაკერის ბედი ჯერ არ გარკვეულა. ასე რომ, არ გამოვრიცხავთ, რომ წინა ხაზში მილუოკი საკმაოდ შეთხელდეს ბრუკ ლოპესსა და იანის ანტეტოკუნმპოს კი შემცვლელები ესაჭიროებათ." 

behindthebuckpass.com-მა სამი მიზეზი დაასახელა, რატომ შეწყობა სანდრო მამუკელაშვილი მილუოკის კარგად. 1. სანდრო მილუოკიში შემოქმედებით ნიჭს მოიტანს. 2. ის გუნდში კიდევ ერთი მსროლელი იქნება, 3. სანდრო მეტოქის ფარზე ნამდვილი ფაქტორი იქნება. 

"ვნახოთ, როგორ გამოიჩენს თავს სანდრო საზაფხულო ლიგაში, რომელიც მომავალ თვეში ლას ვეგასში გაიმართება", - წერს საიტი. "მას ვარჯიშებზე იანისის დაჭერა მოუწევს. ამაზე კარგად NBA-ისთვის ვერ მოემზადები. ეს კი კარგი უნდა იყოს ნიჭიერი ქართველისთვის", - წერს "ნიუ იორკ პოსტი". 

კომენტარები

ბოლო ამბები