Thumbnail
  • ქართველმა კალათბურთელმა ლიგა ენდესას კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • მას ბეტისის მთავარი მწვრთნელის ჟოან პლაზას ხელმძღვანელობით ადრეც უთამაშია

27 წლის ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანური ლიგა ენდესას წევრ ბეტისში განაგრძობს. ამაზე ადრეც დაიწერა, ახლა კი, ანდალუზიურმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ქართველ ფორვარდთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

ბურჯანაძის დამატებით პირადად იყო დაინტერესებული ბეტისელთა მთავარი მწვრთნელი ჟოან პლაზა, რასაც თავისი წინაპირობა აქვს. ბექა ესპანეთში 16 წლის ასაკში სწორედ ბეტისში გამოჩნდა და მაშინ მისი დამრიგებელი პლაზა იყო. ჟოანის ხელმძღვანელობით ჰქონდა ქართველ ლეგიონერს დებიუტი როგორც ესპანეთის ჩემპიონატში, ასევე – ევროთასზე.

ბექა სევილიურ კლუბში 2014 წლამდე ირიცხებოდა, შემდეგ კი ლა კორუნიაში, ანდორაში, გიპუსკოაში და გრან კანარიაში ითამაშა. ლიგა ენდესას გასულ სეზონში ბექა კანარელთა მაისურით საშუალოდ 16.6 წუთში 5.7 ქულას და 3.1 მოხსნას აკეთებდა, თებერვალში კი კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

ბურჯანაძის ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნება კარგი ამბავია საქართველოს ნაკრებისთვისაც, რომელიც მომავალი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია და გაისად, ერთ-ერთი ლიდერის კარგ ფორმაში ყოფნა ნამდვილად სჭირდება.

ბეტისმა წინა სეზონში 36 ტურში 11 გამარჯვება იზეიმა და 19 გუნდს შორის მე-16 ადგილი დაიკავა, თუმცა, მომდევნო ჩემპიონატისთვის გაძლიერებას აპირებს. ბურჯანაძემდე, კლუბმა ბილბაოს, დარუშაფაკას, მილანის, ხიმკისა და ნიუ ორლეან პელიკანსის ყოფილი კალათბურთელი – დაირის ბერტანსი (ლატვია) დაიმატა.

კომენტარები

ბოლო ამბები