Thumbnail

21 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში 5 ორთაბრძოლის მოგება მოახერხა და ქართულ დელეგაციას მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ბექაური ფინალურ ორთაბრძოლაში გერმანელ ედუარდ ტრიპელს დაუპირისპირდა და ვაზარიზე დასცა, რასაც შებოჭვა მიაყოლა, თუმცა, იპონის დაფიქსირებამდე 3 წამი დააკლდა. სამაგიეროდ, მას ილეთი აღარ გაუშვია, მხოლოდ 1 შიდო მიიღო და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შესძლო.

არადა, ტრიპელი დღევანდელი წონის მთავარ სენსაციად იქცა. გერმანელმა ძიუდოისტმა გზიდან 2 მსოფლიოს ჩემპიონი – სერბი ნემანია მაიდოვი (2017) და სამხრეთკორეელი დონგ-ჰან გვაკი (2015) ჩამოიცილა, შემდეგ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების არაერთგზის პრიზიორ უნგრელი კრისტიან ტოტს აჯობა, ნახევარფინალში ევროპის 2019 წლის ჩემპიონს, თურქეთის სახელით მოასპარეზე მიჰაელ ზგანკს მოუგო, ბექაურთან კი ვეღარაფერი გააწყო.


შეგახსენებთ, რომ ლაშამ საწყის რაუნდში პოლონელ პიოტრ კუჩერას ვაზარი აართვა, მალევე კი მეტოქე შებოჭვაზეც დაიჭირა და სუფთა გამარჯვება იზეიმა. მერვედფინალში ბექაური ისრაელის ნაკრების წარმომადგენელ ლი კოჩმანთან მდევრის როლში აღმოჩნდა (მეტოქემ კონტრშეტევაზე ვაზარი აართვა), თუმცა, მეტოქე იმავე ილეთზე თავად უკვე 2-ჯერ დასცა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. 1/4-ფინალში ქართველი ძიუდოისტი უზბეკ დავლატ ბობონოვს გაეჯიბრა და ილეთს ახორციელებდა, როდესაც მეტოქემ თავი სახიფათოდ დაიცვა და მსაჯებმა მისი მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს. ბექაურს მძიმე შეხვედრა ჰქონდა 1/2-ფინალში, სადაც რუს მიხაილ იგოლნიკოვს ვაზარი აართვა და მართალია, 2 შიდო მიიღო, საქმის ბოლომდე მიყვანა შესძლო.


ამგვარად, საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოუგროვდა და ყველა მათგანი ძიუდოისტების მონაგარია. შეგახსენებთ, რომ გასულ დღეებში ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) დაეუფლნენ. ტოკიოში ტატამიზე კიდევ ორ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ: 29 ივლისს ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) იასპარეზებს, 30-ში კი – გურამ თუშიშვილი (+100 კგ.).

 

კომენტარები

ბოლო ამბები