Thumbnail

ტოკიოს ოლიმპიადის ერთ-ერთ ფავორიტი - ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი ოქროს მედლისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა, რაც სენსაციად უნდა მივიჩნიოთ. მან 1/4-ფინალური ორთაბრძოლა რუს მიხაილ იგოლნიკოვთან ბოლო წამებზე მახრჩობელა ილეთით წააგო და რამდენიმე წამის განმავლობაში გონება ჰქონდა დაკარგული.

შერაზადიშვილი ძირითადი დროის მიწურულს ილეთის გაკეთებას ცდილობდა, თუმცა, მიზნამდე ცოტა დააკლდა, რუსმა კი კონტრილეთი წამოიწყო. მან შერაზადიშვილის კიმონოთი დახრჩობა სცადა, ნიკოლოზმა დანებების ნიშნად ტატამიზე ხელი დაარტყა, თუმცა მსაჯს რეაქცია დაუგვიანდა და როდესაც ბრძოლა შეაჩერა, შერაზადიშვილი უკვე გათიშული იყო.

შერაზადიშვილის დასახმარებლად ტატამიზე მაშინვე გამოჩნდა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, საქმეში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) წარმომადგენელიც ჩაერთო და ნიკო მალევე მოასულიერეს. აღსანიშნავი დეტალი კი ისაა, რომ იგოლნიკოვს მეტოქის მდგომარეობაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია, არადა, როგორც წესი, ასეთ დროს, ძიუდოისტები მეტოქის ჯანმრთელობით ინტერესდებიან და მათ წამოდგომაშიც ეხმარებიან.

ცნობისთვის, შერაზადიშვილი იგოლნიკოვს მეცხრედ შეხვდა და ძალიან ცუდი ბალანსი აქვს. ნიკოლოზი მიხაილთან ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა, სულ კი, რუსთან მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს. იგოლნიკოვთან რევანშის შანსი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ ლაშა ბექაურს ექნება, რომელიც მას ნახევარფინალში დაუპირისპირდება. ლაშას რუსთან 2021 წლის მასტერსის მეოთხედფინალში აქვს წაგებული, ახლა კი, სასწორზე გაცილებით მეტი დევს.

კომენტარები

ბოლო ამბები