Thumbnail
  • ⌚ 04:00 | 🏟 ასაკა | 🎯 ნინო სალუქვაძე. კვალიფიკაცია 3 სერია
  • ⌚ 08:15 | 🏟 ბუდოკანი | 🥋🏅 ვარლამ ლიპარტელიანი V შაჰ შაჰი/დარვიში

29 ივლისს "ნიპონ ბუდოკანის" ტატამიზე ძიუდოისტთა ნაკრების ყველაზე გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი წევრი, ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ.) გავა. სასროლეთში კი ლეგენდარული ნინო სალუქვაძე მეორე დისციპლინაში იასპარეზებს.

ვარლამ ლიპარტელიანი - წონის ფავორიტი

ძიუდო. -100 კგ

ვარლამ ლიპარტელიანი წონაში რეიტინგის პირველი ნომერია და ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტიც. რიო 2016-ზე ვარლამმა 90 კილო წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ახლა კი ტოკიოში ერთი წონით ზემოთ ასპარეზობს და აქაც ფავორიტია.

ბუნებრივია, ვარლამ ლიპარტელიანი პირველი წრიდან თავისუფალია. ის ნომერ პირველი ტატამის მე-16 ბრძოლიდან ჩაერთვება ოლიმპიადაზე. მისი პირველი მეტოქე ან პაკისტანელი ჰუსაინ შაჰ შაჰი იქნება, ან ეგვიპტელი რამადან დარვიში იქნება. ეგვიპტელი უფრო ძლიერი ძიუდოისტია, ის რიოში მე-7 ადგილზე გავიდა. ერთხელ მან მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა, თუმცა ეს როტერდამში 12 წლის წინათ იყო.

ნიკოლოზ შერაზადიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი ვარჯიშზე

მე-3 წრეში ვარლამის სავარაუდო მეტოქეები არიან: შეიდი ელნაჰასი (კანადა), ივან რემარენკო (საამიროები), ზელიმ კოსტოევი (აზერბაიჯანი) და ალექსანდრ იდირი (საფრანგეთი). უფრო შორს რომ წავიდეთ, ნახევარფინალში დიდი შანსია, ვარლამს ან ებრაელი პეტერ პალჩიკი შეხვდეს, ან იაპონელი აარონ ვოლფი. 

ნინო სალუქვაძე - ჯერ მხოლოდ კვალიფიკაციის ნახევარი

სროლა. 25 მ. სპორტული პისტოლეტი

ნინო სალუქვაძემ ერთ დისციპლინაში უკვე იასპარეზა

25 მეტრიდან სპორტულ პისტოლეტით სროლაში ნინო სალუქვაძე 35 მონაწილეს შორის არის. საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება დილის 4 საათზე. მსროლელები სამ სერიას გაივლიან, მე-2 დღეს (30 ივლისს) კი სამი სერია სწრაფ სროლებში ექნებათ და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა, ფინალში გამსვლელთა ვინაობა. ფინალურ ეტაპზე, ტრადიციულად, 8 სპორტსმენი გადის. ფინალი ტოკიოს სასროლეთზე 30 ივლისს გაიმართება.

ტოკიო 2020: 29 ივლისის მთავარი მოვლენები 

ხუთშაბათს, 29 ივლისს ოლიმპიური მედლები სპორტის 8 სახეობაში გათამაშდება, სულ 17 კომპლექტი:

ტანვარჯიში (ქალები); კანოე სლალომი (ქალები კანოე); ფარიკაობა (ქალები დაშნა); ძიუდო (ქალები 78 კგ. და ვაჟები 100 კგ); ნიჩბოსნობა (ქალები წყვილები, ვაჟები წყვილები, ქალები მსუბუქი ორეულები, ვაჟები მსუბუქი ორეულები); სროლა (ქალები სასტენდო, ვაჟები სასტენდო); ცურვა (ქალები 200 მ. ბატერფლაი, ქალები 4x200 მ. თავისუფალი, ვაჟები 100 მ. თავისუფალი, ვაჟები 800 მ. თავისუფალი, ვაჟები 200 მ. ბრასი); მაგიდის ჩოგბურთი (ქალები ერთეულები). 

კომენტარები

ბოლო ამბები