Thumbnail

ბრინჯაოს მედალი ავსტრიას - შამილ ბორჩაშვილმა გზიდან ანრი ეგუტიძეც ჩამოიცილა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე საქართველოს სპორტულ დელეგაციას ჯერჯერობით ორი ვერცხლის მედალი აქვს და ორივე ძიუდოისტების ანგარიშზეა - ვიცე-ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (-73) გახდნენ. 

საგულისხმოა, რომ "ბუდოკანის" ტატამიზე სხვა ქვეყნის სახელით არაერთი ქართული წარმომავლობისა და გვარ-სახელის მქონე ძიუდოისტი გამოდის და ორმა მათგანმა მედალიც მოიპოვა. ლუკა მხეიძის (-60) შემდეგ, რომელმაც ბრინჯაოს მედალი საფრანგეთს მოუტანა, ანალოგიურ წარმატებას ავსტრიის სახელით შამილ ბორჩაშვილმაც (-81 კგ) მიაღწია.

ანრი ეგუტიძისა და შამილ ბორჩაშვილის შეხვედრა ტოკიოში

26 წლის ძიუდოისტმა ტოკიოში გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და ბევრისთვის მოულოდნელად, 1/2-ფინალში გააღწია. ბორჩაშვილმა ჯერ პორტუგალიის სახელით მოჭიდავე ანრი ეგუტიძეს აჯობა, შემდეგ კი ისრაელელ საგი მუკისა და უზბეკ შაროფიდინ ბოლტაბოევს. მაგრამ მონღოლ საეიდ მოლაეისთან, მსაჯთა საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებით დამარცხდა. 

შამილმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში გერმანელ დომინიკ რესელს შანსი არ მისცა. მეტოქე მე-13 წამზევე ვაზარზე დააგდო, წუთნახევარზე ნაკლებ დროში კი სულაც შებოჭა და ამ ილიმპიადაზე ავსტრიას ძიუდოში პირველი მედალი მოუტანა. 


აღსანიშნავია, რომ აქამდე შამილ ბორჩაშვილის საუკეთესო შედეგი წელს თბილისის გრანდ სლემზე მოპოვებული ვერცხლის მედალი იყო. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები