Thumbnail
  • ესკერხან მადიევმა უგანდელი მეტოქე 3:1 დაამარცხა
  • ქართველი მოკრივე 1/4-ფინალში რუსი ანდრეი ზამკოვოის შეხვდება

23 წლის ქართველმა მოკრივე ესკერხან მადიევმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მე-2 ორთაბრძოლა მოიგო და მეოთხედფინალში გააღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ ბრინჯაოს მედლამდე ერთი გამარჯვება აშორებს.

ქართველმა მოკრივემ უგანდელს არაერთი შედეგიანი დარტყმა მიაყენა

დღეს მადიევი უგანდის წარმომადგენელ შადირი ბვოგის დაუპირისპირდა და 3:1 მოიგო. ქართველი მოკრივის მომდევნო მეტოქე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ანდრეი ზამკოვოი იქნება, რომელმაც ზამბიელ სტივენ ციმბას 4:1 სძლია. ცნობისთვის, ზამკოვოი 2012 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი და 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ესკერხან მადიევმა ტოკიოს ოლიმპიადაზე მე-2 ბრძოლა მოიგო

შეგახსენებთ, რომ ესკერხანმა საწყის რაუნდში შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა, როდესაც ტურნირს აზერბაიჯანელი სახელით მოასპარეზე 36 წლის კუბელი, რიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ლორენსო სოტომაიორი გამოთიშა.

მადიევი მომდევნო ორთაბრძოლას 30 ივლისს თბილისის დროით 13:51 საათიდან გამართავს, საუკეთესო ოთხეულში გასვლა კი ბრინჯაოს გარანტია იმიტომაა, რომ კრივში მე-3 ადგილისთვის ორთაბრძოლები არ ტარდება და ნახევარფინალებში წაგებულები მედლებს ავტომატურად იღებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები