Thumbnail

ოლიმპიადა | საქართველო ისევ ოქროს გარეშე - გრიგალაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში მედლები 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში თამაშდება, სადაც სამწუხაროდ, ტატო გრიგალაშვილმა 1/4-ფინალში წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს. 

ქართველი სპორტსმენის მეტოქე ამ ეტაპზე მონღოლი საეიდ მოლაეი იყო. ტატომ მეტოქეს ვაზარი თავიდანვე აუღო, თუმცა მონღოლმა ძირითად დროში ჯერ გათანაბრება, შემდეგ კი მეორე ვაზარით გამარჯვებაც მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მეორე ეპიზოდში ილეთი გრიგალაშვილმა წამოიწყო და ძალიან გაკვირვებული დარჩა მსაჯების გადაწყვეტილებით, რომლებმაც გამარჯვების მომტანი გდება მოლაეის შეუფასეს.


ახლა ტატო გრიგალაშვილი სანუგეშო ტურნირში გამოვა, სადაც პირველ მეტოქედ უზბეკი შაროფიდინ ბოლტაბოევი ჰყავს.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2021) და ევროპის ჩემპიონი (2020) 21 წლის ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი მეტოქედ ტაჯიკი აკმალ მუროდოვი ჰყავდა, რომელსაც იოლად, ორწუთნახევარში მოუგო. ტატომ ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი ბრძოლა მტკივნეული ილეთით დაასრულა.

ტატო გრიგალაშვილი რეპეშაჟში ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

გრიგალაშვილს 1/8-ფინალში სამხრეთკორეელი სანგო ლი შეხვდა, რომელსაც თავიდანვე აქტიურად შეუტია და 2:16 წუთში ეფექტური იპონით მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ამ წონაში სხვა ქვეყნის სახელით ქართული წარმომავლობის სამი ძიუდოისტი გამოვიდა. თურქეთის წარმომადგენელი ვედათ ალბაირაქი (ვანო რევაზიშვილი) მეორე წრეში დამარცხდა. ერთმანეთს მეორე წრეში შეხვდნენ პორტუგალიის სახელით მოჭიდავე ანრი ეგუტიძე და ავსტრიის წარმომადგენელი შამილ ბორჩაშვილი, 1/8-ფინალში კი ეს უკანასკნელი გავიდა.

ანრი ეგუტიძისა და შამილ ბორჩაშვილის შეხვედრა

ამის შემდეგ ბორჩაშვილმა ჯერ ისრაელის წარმომადგენელ საგი მუკის, შემდეგ კი უზბეკ შაროფიდინ ბოლტავოევს აჯობა და 1/2-ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართულ დელეგაციას 2 ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული და ორივე ძიუდოში. ვიცე-ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (-73) გახდნენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები