Thumbnail

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში მედლები 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში თამაშდება, სადაც ტატო გრიგალაშვილი წარმატებით გამოდის. ქართველმა ძიუდოისტმა ორივე შეხვედრა იოლად მოიგო და 1/4-ფინალშია გასული.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2021) და ევროპის ჩემპიონი (2020) 21 წლის ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი მეტოქედ ტაჯიკი აკმალ მუროდოვი ჰყავდა, რომელსაც იოლად, ორწუთნახევარში მოუგო. ტატომ ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი ბრძოლა მტკივნეული ილეთით დაასრულა.

გრიგალაშვილს 1/8-ფინალში მეტოქედ სამხრეთკორეელი სანგო ლი ჰყავდა, რომელსაც თავიდანვე აქტიურად შეუტია და 2:16 წუთში ეფექტური იპონით მოუგო. ქართველი სპორტსმენის მომდევნო მეტოქე მონღოლი საეიდ მოლაეი იქნება.


აღსანიშნავია, რომ ამ წონაში სხვა ქვეყნის სახელით ქართული წარმომავლობის სამი ძიუდოისტი გამოვიდა. თურქეთის წარმომადგენელი ვედათ ალბაირაქი (ვანო რევაზიშვილი) მეორე წრეში დამარცხდა. ერთმანეთს მეორე წრეში შეხვდნენ პორტუგალიის სახელით მოჭიდავე ანრი ეგუტიძე და ავსტრიის წარმომადგენელი შამილ ბორჩაშვილი, 1/8-ფინალში კი ეს უკანასკნელი გავიდა.

ანრი ეგუტიძისა და შამილ ბორჩაშვილის შეხვედრა

ამის შემდეგ ბორჩაშვილმა წონის ერთ-ერთ ფავორიტს, ისრაელის წარმომადგენელ საგი მუკის დამატებით დროში სძლია და 1/4-ფინალში გააღწია.  

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართულ დელეგაციას 2 ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული და ორივე ძიუდოში. ვიცე-ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (-73) გახდნენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები