Thumbnail

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF) ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში ლაშა შავდათუაშვილისა და შოჰეი ონოს შეხვედრას გამოეხმაურა და მას ეპიკური ორთაბრძოლა უწოდა. ქართველმა და იაპონელმა ძიუდოისტებმა ტატამიზე 10 წუთზე მეტი გაატარეს და საბოლოოდ, ფავორიტად შერაცხულმა მასპინძელმა გადამწყვეტი ვაზარი განახორციელა. შერკინება იმდენად დრამატული იყო, რომ მისი დასრულების მერე დარბაზში მყოფნი ფინალის მონაწილეებს ტაშს რამდენიმე წუთის განმავლობაში უკრავდნენ. აი, რა დაწერა აღნიშნულზე IJF-მა.

“მსოფლიო რეიტინგში მე-13 პოზიცია ონოს ტალანტს ნამდვილად ვერ ასახავს და მხოლოდ იმის შედეგია, რომ არცთუ ბევრ ტურნირში მონაწილეობს, ხოლო როდესაც ტატამიზე გადის, როგორც წესი, ოქროს მედალიც მას რჩება. ოლიმპიადის ფინალში ის ქართველ ლაშა შავდათუაშვილს შეხვდა, რომელიც თავისი ტიტულებით ასევე გამორჩეული ძიუდოისტია. ის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ჯერ კიდევ 2012 წელს ლონდონში, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა 2016 წელს რიოში, ხოლო როდესაც ერთი წონით მაღლა აიწია, ფინალში ისევ გავიდა და ვერცხლი მოიპოვა.

ის, რაც დღის დასკვნით ორთაბრძოლაში მოხდა, ნამდვილად რთული აღსაწერია. ერთის მხრივ ჩვენ ვხედავდი სიმშვიდის გამოხატულება იაპონელს, კლდესავით ურყევს, რომელიც ემოციებს მუდმივად აკონტროლებს. მისი წინ კი იდგა ნამდვილი მეომარი, რომელსაც მკაფიო მიზანი ჰქონდა – დაემარცხებინა ამ დროისთვის საუკეთესო ძიუდოისტი. ჩვენ მზად ვიყავით, საათობით გვეყურებინა ამ მეტოქეების ორთაბრძოლისთვის, რომლებიც თანდათან იღლებოდნენ, თუმცა, არცერთს არაფრის დათმობა არ სურდა. ისე სჩანდა, რომ ამ ძიუდოისტებისთვის მთავარი მხოლოდ გამარჯვება კი არ იყო, არამედ წარმატების მიღწევა ძიუდოს ყველა ტრადიციის გათვალისწინებით, მოგება ყველა წესის დაცვით.

ონო შავდათუაშვილის დაგდებას ვერაფრით ახერხებდა, რადგანაც ლაშამ რამდენიმე მომენტში კატასავით მოქნილობა გამოაჩინა, თუმცა, ბოლოს იაპონელმა მორიგი შედევრი შექმნა. ეს სასაე-ცური-კომი-აში თითქოს არაფრისგან მივიღეთ, თუმცა, ონოს ოსტატობაც ესაა. ის ნამდვილი გოლიათია, თუმცა, ამ დონემდე სწორედ იმიტომ მივიდა, რომ დღეს მის წინ სპორტის მე-2 გოლიათი იდგა. შოჰეისთვის გამარჯვების მიკუთვნების შემდეგ, ონომ და შავადათუაშვილმა ერთმანეთის მიმართ საოცარი პატივისცემა გამოავლინეს და ტატამი მხოლოდ ამის შემდეგ დატოვეს. იაპონელის სახეზე ღიმილიც მერე გაკრთა. მან ეს გააკეთა! ის ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა და ისე სჩანს, შემდეგშიც ვერაფერი შეაჩერებს. ამ ხელოვანისგან სხვა შედევრებს მომავალშიც ველით.

შოჰეი ონო: როდესაც პირველი ოლიმპიური ოქრო მოვიგე, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. დღევანდელ შეხვედრაში, მას მერე, რაც წლების განმავლობაში ყველას ვაჯობე, მინდა გითხრათ, რომ იოლი არ ყოფილა. ბედნიერი ვარ და განსაკუთრებით ის მიხარია, რომ ამ წლებში იმავე წონით კატეგორიაში დარჩენა მოვახერხე. ჩემი აზრით, ესეც წარმატებაა.

ლაშა შავდათუაშვილი: ცხადია, იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ონო საუკეთესო ძიუდოისტია. ის ძალიან ძლიერია და არასდროს ცდება. სხვა საქმეა, რომ ეს ძიუდოა, ყველას ორი ხელი და ორი ფეხი გვაქვს და შესაძლებლობებიც თანაბარია. ტიტულებს საუკეთესოები იგებენ. ფინალამდე ჩემი გზა ძალიან რთული იყო, თუმცა, საკუთარი თავის იმედი ყოველთვის მაქვს და არასდროს ვნებდები”.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ლაშა შავდათუაშვილმა მე-3 ოლიმპიური მედალი მოიპოვა და ამით, ქართველ ძიუდოისტებს შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ლაშა ჯერ მხოლოდ 29 წლისაა, ამდენად, არსებობს შანსი ის კიდევ ერთ ოლიმპიურ თამაშებზე ვიხილოთ. შეგახსენებთ იმასაც, რომ შავდათუაშვილმა წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, 2013 წელს კი, ევროპის პირველობაზეც ოქროს მედალი მოიპოვა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები