Thumbnail

ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, რის შედეგადაც სრული კოპლექტი შეკრა - მას უკვე აქვს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ოლიმპიადებზე, რაც ქართული ძიუდოს და ზოგადად ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური შედეგია. ფინალის შემდეგ ლაშამ პირველი კომენტარი გააკეთა

"ბედნიერი ვარ, რომ შევძელი და მესამე ოლიმპიური მედალი მოვიპოვე. რაც შეეხება ფინალს: მარცხი ძალიან გულდასაწყვეტია, ჩემპიონობასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ ეს სპორტია. მოტივირებული ვიყავი ბრძოლისთვის და ასევე თავისუფლად ვიყავი ოლიმპიადაზე. უზომოდ ბედნიერი ვარ, ვულოცავ საქართველოს, გულშემატკივარს, ჩემს ოჯახს და ყველას, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა," - განაცხადა შავდათუაშვილმა.

კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმაც. მან თქვა, რომ ლაშა შავდათუაშვილმა ეპოქა შექმნა, ასევე გამოარჩია ეთერ ლიპარტელიანის ასპარეზობა, რომელმაც 21 წლის ასაკში სადებიუტო ოლიმპიადაზე მე-5 ადგილი დაიკავა:

"მეორე ვერცხლი მოვიპოვეთ და ეს ნამდვილად დიდი წარმატებაა. ვულოცავ ლაშას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა. მას ყველა სინჯის მედალი აქვს ოლიმპიადებზე და მთელი ეპოქა შექმნა. არ დაგვავიწყდეს, რომ ეთერ ლიპარტელიანმა ქალთა ძიუდოში მე-5 ადგილი დაიკავა, რაც ნამდვილად გამარჯვებაა, რადგან პირველად იასპარეზა ოლიმპიადაზე. ვულოცავ ნიკოლოზ ბასილაშვილს, მან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა მე-13 ნომრად განთესილ იტალიელ მეტოქესთან. ჩვენი სპორტსმენები მზად არიან იბრძოლონ, შედეგები აჩვენონ და გულშემატკივარი გაახარონ. ვერცხლის მედლები გვაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, რადგან აუცილებლად გვჭირდება ოქრო და ამასთან უკვე ძალიან ახლოს ვართ", - განაცხადა ხაბელოვმა.

შეგახსენებთ, 29 წლის ძიუდოისტი ფინალში იაპონელ შოჰეი ონოსთან 10-წუთიან მარათონულ ბრძოლაში ვაზარით დამარცხდა. მან ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობა 1/16-ფინალიდან დაიწყო, სადაც ფრანგ გილიომ ჩაინეს ვაზარით მოუგო, მერვედფინალში ასევე ვაზარით ჯიბუტელ ადენ-ალექსანდერ ჰუსეინს აჯობა, მეოთხედფინალში კანადელ არტურ მარჟელიდონს დამატებით დროში იპონით სძლია, ხოლო ნახევარფინალში სამხრეთკორეელ ჩანრგიმ ანს სამი შიდოთი მოუგო. ლაშა შავდათუაშვილი ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონია.


აღსანიშნავია, რომ შავდათუაშვილმა მესამედ ისპარეზა ოლიმპიურ თამაშებზე და სამჯერვე მედალი მოიპოვა! 2012 ლონდონში - ოქრო, 2016 წელს რიოში - ბრინჯაო და ახლა, ტოკიოში - ვერცხლი. ისიც ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლაშა პირველი სპორტსმენია, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე სამ მედალს დაეუფლა. 48 დღის წინ, 8 ივნისს შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ახლა კი ოლიმპიადაზე მეორე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ამ დროისთვის ტოკიოს ოლიმპიადაზე ორი მედალია. 25 ივლისს ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

დღეს ქალთა შორის ასპარეზობდა ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ), რომელმაც ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო, მაგრამ 1/4-ფინალში დაძაბულ ბრძოლაში წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც პოლონელ იულია კოვალჩიკს მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის გავიდა ტატამიზე, მაგრამ იაპონელ ცუკასა იოშიდასთან დამარცხდა და საბოლოოდ მედლის გარეშე დარჩა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები