Thumbnail

ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში იასპარეზებს!

ეს იმას ნიშნავს, რომ მან მედალი უკვე გარანტირებულად მოიპოვა (ოქრო ან ვერცხლი). ტიტულოვანმა ქართველმა სპორტსმენმა უნიკალური ისტორიული შედეგი დააფიქსირა - ის პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელსაც ოლიმპიადაზე 3 მედალი ექნება!

ნახევარფინალში შავდათუაშვილი სამხრეთკორეელ ჩანგრიმ ანს დაუპირისპირდა, მისი დამარცხება მოახერხა, მიმდინარე ოლიმპიადაზე ზედიზედ მე-4 შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა. უშუალოდ ნახევარფინალი ძალიან დაძაბული გამოდგა და თითქმის 9 წუთს გაგრძელდა. საბოლოოდ, ჩანგრიმ ანი მსაჯმა 3-ჯერ გააფრთხილა და ამის ხარჯზე ლაშამ მოიგო, მაგრამ დამსახურებულად, მთელი შეხვედრა ის აქტიურობდა და უტევდა. ამგვარად, შავდათუაშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალშია და გავიხსენოთ ისიც, რომ ზუსტად 48 დღის წინ ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ფინალში შავდათუაშვილს ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავს, იაპონელი შოჰეი ონო - ოლიმპიური და 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონი.


შავდათუაშვილის გზა გადამწყვეტ ბრძოლამდე: 29 წლის ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობა 1/6-ფინალიდან დაიწყო, სადაც ფრანგ გილიომ ჩაინეს ვაზარით მოუგო, მერვედფინალში ასევე ვაზარით ჯიბუტელ ადენ-ალექსანდერ ჰუსეინს აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში კანადელ არტურ მარგელიდონს დამატებით დროში იპონით სძლია. მოგეხსენებათ, ლაშა შავდათუაშვილი ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონია.

აღსანიშნავია, რომ შავდათუაშვილი მესამედ ასპარეზობს ოლიმპიურ თამაშებზე და სამჯერვე მედალი მოიპოვა! 2012 ლონდონში - ოქრო, 2016 წელს რიოში - ბრინჯაო და ახლა მხოლოდ ისაა გასარკვევი, თუ რა სინჯის იქნება მესამე მედალი - ოქრო თუ ვერცხლი. ისიც ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლაშა პირველი სპორტსმენია, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე სამ მედალს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ამ დროისთვის ტოკიოს ოლიმპიადაზე ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც 25 ივლისს, ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვა. დღეს ქალთა შორის ასპარეზობდა ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), რომელმაც ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო, მაგრამ 1/4-ფინალში დაძაბულ ბრძოლაში წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც პოლონელ იულია კოვალჩიკს მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის გავიდა ტატამიზე, მაგრამ იაპონელ ცუკასა იოშიდასთან წააგო და საბოლოოდ, მედალი ვერ მოიპოვა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები