Thumbnail

რუსულმა ვებგვერდმა Metaratings-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მილანმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი პრაქტიკულად შეათანხმა, მაგრამ ამ ცნობას იტალიური მედია არ ადასტურებს. გავლენიანი და სანდო აპენინური გამოცემები ამ საკითხზე არაფერს წერენ, მილანთან დაახლოებულმა ჟურნალისტებმა კი, ცნობა უარყვეს.

"როგორ ჩანს, მილანში კვარაცხელიაზე აზრი არ შეუცვლიათ: ფეხბურთელს აკვირდებიან, მაგრამ ამჟამად არანაირი მოლაპარაკება ან ინტერესი არ არის", - წერს დანიელე ლონგო, რომელიც Calciomercato-ს ჟურნალისტია და სწორედ მილანურ თემებზე მუშაობს.

"ამ დროისთვის კვარაცხელიას შესახებ რამის დადასტურება ნაკლებად შესაძლებელია. სამაგიეროდ, მილანი ბრანდტის ტრანსფერზე მუშაობს", - წერს ანტონიო ვიტიელო, რომელიც MIlannews-ის რედაქტორია და რამდენიმე ვებგვერდთან თანამშრომლობს, მათ შორის კორიერე დელო სპორტთან.

ამ ყველაფრის ფონზე, რუბინის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმაც გააკეთა კომენტარი. მან თქვა, რომ  ქართველი ფეხბურთელის თაობაზე, ჯერჯერობით, არანაირი წინადადება არ მიუღიათ:

"ხვიჩას მიმართ ინტერესი არსებობს, მაგრამ ფინანსური წინადადება არ მიგვიღია. ჩვენ არ გვინდა მისი გაშვება, ის ჩვენი ლიდერია, ამ დროისთვის წინადადებები არ არის, თუ იქნება - დავფიქრდებით. ხვიჩაზე გავლენას არ ახდენს შესაძლო ტრანსფერზე ხმები. არ ვფიქრობ, რომ ის ცუდ ფორმაშია".

რუბინის სოციალურ ქსელში კი სახუმარო პოსტი გამოქვეყნდა. ფოტოზე კვარაცხელიას ხელში უკავია ბანერი, რომელსაც აწერია: "გეყოფათ წერა, რომ სადმე მივდივარ". თვითონ ხვიჩამ კი ინსტაგრამში თავის ფოტოს დააწერა: "ოცნებები ხდება"... 20 წლის ქართველი ფეხბურთელის მომავალზე ბოლო 24 საათში ბევრი სხვადასხვაგვარი ინფორმაცია გავრცელდა და ალბათ, სატრანფერო ფანჯრის დახურვამდე ყველაფერი გაირკვევა.

ხვიჩა კვარაცხელიას ფასი Transfermarkt-ის მონაცემებით ამ დროისთვის 18 მილიონი ევროა. ქართველი ფეხბურთელი რუბინში 2019 წლიდან თამაშობს, 51 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი შეასრულა. მას რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

კომენტარები

ბოლო ამბები