Thumbnail

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში კალათბურთის პირველი ტურის მატჩები გაიმართა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები დამარცხდა - პირველად 2004 წლის შემდეგ! A ჯგუფში გრეგ პოპოვიჩის გუნდმა მარცხი საფრანგეთის ნაკრებთან იწვნია.

ამერიკელებმა კარგად დაიწყეს, პირველივე პერიოდში 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, ხოლო ტაიმი 8 ქულით მოიგეს. თუმცა, მესამე პერიოდი საფრანგეთის ნაკრებისთვის დიდებული გამოდგა. ფრანგებმა ამერიკელებს თითქმის არაფერი გააბედვინესკონკრეტულ 10-წუთეულში და 14 ქულით აჯობეს (25:11).

დასკვნით მეოთხედში საფრანგეთს ეს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდი ამერიკის გაქცევით დაიწყო (11:1) და წინაც გავიდა, თამაშის ბოლო ნაწილი უდაოდ საფრანგეთის იყო, რომელმაც დაცვაში შესანიშნავი კალათბურთი ითამაშა - გრეგ პოპოვიჩის გუნდმა მხოლოდ 76 ქულა ჩააგდო.

საბოლოოდ, საფრანგეთის ნაკრებმა 83:76 გაიმარჯვა და ოლიმპიადა ხმაურიანი მოგებით დაიწყო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ აშშ-ის ნაკრებში პრობლემებია, რადგან პოპოვიჩის შეგირდებმა ჯერ ოლიმპიადის წინ ტესტ-მატჩები წააგეს, მათ შორის ნიგერიასთან და ახლა ვერც უშუალოდ ოლიმპიადა დაიწყეს პოზიტიურად. სხვათა შორის, აშშ-ის ნაკრებმა 2004 წლის ათენის ოლიმპიადის შემდეგ, როცა ნახევარფინალში არგენტინამ მოუგო, ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მარცხი განიცადა.

საფრანგეთის ნაკრების რიგებში საუკეთესო ევან ფურნიე იყო, რომელმაც 34 წუთში 28 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან 4 სამქულიანიც ჩააგდო, თანაც გარდამტეხ მომენტებში. რუდი გობერმა კი 29 წუთში თავის გუნდს 14 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ამგვარად, ერთადერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. კარგი იყო ნანდო დე კოლოც - 13 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა.

ამერიკელთა რიგებში ჯრუ ჰოლიდეი იყო საუკეთესო (18 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი, მის ანგარიშზე 3 ზუსტი სამქულიანიცაა), ადებაიომ ორმაგი დუბლი გაიფორმა 12 ქულით და 10 მოხსნით, ხოლო დამიან ლილარდის აქტივში 11 ქულა (3 სამქულიანი მიითვალა), 3 მოხსნა/პასი იყო. კევინ დურანტმა მხოლოდ 10 ქულით, 2 მოხსნით და 2 პასით გამოიჩინა თავი.

მეორე ტურში ამერიკა 28 ივლისს, ირანს შეხვდება, რომელმაც 78:84 წააგო ჩეხეთთან, რომლის მეტოქე მეორე ტურში საფრანგეთი იქნება.

დღესვე, B ჯგუფში იყო საინტერესო მატჩი და იტალიის ნაკრებმა გერმანიის ნაკრებს 92:82 აჯობა, ხოლო ავსტრალიამ ნიგერიას იოლად მოუგო (84:67). მეორე ტურში იტალია-ავსტრალია და ნიგერია-გერმანია დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე სამი 4-გუნდიანი ჯგუფია, საიდანაც პლეი ოფში ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი და სამ მესამეადგილოსანს შორის ორი საუკეთესო გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები