Thumbnail

ტოკიოს ოლიმპიადაზე მედლები უკვე თამაშდება და მთავარი სპორტული ღონისძიება ნელ-ნელა გახურდა, მათ შორის ფეხბურთშიც, რომლის მე-2 ტურის მატჩები უკვე გაიმართა.

ყველაზე საინტერესო და დრამატული შეხვედრა A ჯგუფში შედგა, სადაც საფრანგეთის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას ძალზე დაძაბულ ბრძოლაში 4:3 მოუგო. ფრანგებმა პირველ ტურში მექსიკასთან 1:4 წააგეს და ამჯერად წარუმატებლობის უფლება არ ჰქონდათ. "სამფეროვნები" სამხრეთ აფრიკასთან სამჯერ აგებდნენ (0:1, 1:2, 2:3) და მათ შორის 86-ე წუთამდე, წაგება კი ჯგუფში ჩარჩენას ნიშნავდა, მაგრამ ბოლო 4 წუთში ვითარება შეცვალეს, ანდრე-პიერ ჟინიაკმა გაათანაბრა, რომელიც შეუჩერებელი იყო და ჰეთ-თრიკი გაიფორმა, ხოლო ტეჟი სავანიემ გამარჯვების გოლი გაიტანა და საფრანგეთმა ოლიმპიადაზე პირველად მოიგო. 

საფრანგეთი ჯგუფში ჩარჩენას ბოლო წუთებზე გადაურჩა

ამავე ჯგუფში მასპინძელმა იაპონიამ მექსიკას 2:1 მოუგო. ბოლო ტურის წინ იაპონიას 6 ქულა აქვს და საფრანგეთს უნდა შეხვდეს, რომელიც 3 ქულით მეორე-მესამე ადგილებს მექსიკასთან ერთად იყოფს. მექსიკელების მეტოქე კი ბოლო ტურში ჯგუფის აუტსაიდერი სამხრეთ აფრიკა იქნება.


C ჯგუფში არგენტინის ნაკრებმა ავსტრალიასთან სენსაციური მარცხის შემდეგ ეგვიპტეს ფაკუნდო მედიას ერთადერთი გოლით აჯობა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. გაუჭირდა ესპანეთის ნაკრებსაც, რომელმაც პირველ ტურში ეგვიპტეს ვერ მოუგო (0:0) და ახლოს იყო კიდევ ერთ ნულოვან ფრესთან, მაგრამ ავსტრალიას 81-ე წუთზე მიკელ ოიარზაბალმა გაუტანა და "ფურია როხამ" 1:0 იმარჯვა. ესპანეთი 4 ქულით ლიდერია, არგენტინას და ავსტრალიას 3-3 ქულა აქვთ, ეგვიპტეს - 1. ბოლო ტურში ავსტრალია-ეგვიპტეს შეხვდება, ხოლო ესპანეთისა და არგენტინის შეხვედრა კი დიდ ინტერესს იწვევს.

მიკელ ოიარზაბალი და დანი ოლმო ევრო 2020-ის შემდეგ ოლიმპიადაზეც თამაშობენ

D ჯგუფში ბრაზილიის ნაკრები კოტ დივუარს დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტი იყო, ნულოვან ფრეს დასჯერდა. გერმანიამ კი პირველ ტურში ბრაზილიასთან მარცხის მერე საუდის არაბეთს უხვგოლიან შეხვედრაში 4:3 აჯობა. ჯგუფს ბრაზილია და კოტ დივუარი 4-4 ქულით ლიდერობენ, გერმანიას 3 ქულა აქვს და საუდის არაბეთს 0, რომელმაც მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. ბოლო ტურში ბრაზილია საუდის არაბეთს ხვდება, გერმანია და კოტ დივუარი კი ერთმანეთში გაარკვევენ, პლეი ოფის საგზურის მფლობელის ვინაობას.

დაბოლოს, B ჯგუფი, რომელიც თითქოს ყველაზე მეტად ჩრდილშია მოქცეული, მაგრამ ყველაზე დაძაბული ვითარებაც შეიქმნა. სამხრეთ კორეამ რუმინეთი 4:0 გაანადგურა, ხოლო ჰონდურასმა ახალ ზელანდიას 3:2 აჯობა. ამგვარად, ბოლო ტურის წინ ოთხივე გუნდს 3-3 ქულა აქვს. მე-3 ტურში სამხრეთ კორეა-ჰონდურასისა და რუმინეთი-ახალი ზელანდიის მატჩები გაიმართება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები