Thumbnail
  • გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას სასტარტოში პირველად ითამაშა
  • გიორგი მიქაუტაძე გლადბახთან მეცის 11-ეულში იყო
  • ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონი მოგებით დაიწყო

24 ივლისს რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა მისთვის მნიშვნელოვანი მატჩი ითამაშა. პირველ რიგში, გიორგი მამარდაშვილზე ვიტყვით - 20 წლის გოლკიპერმა ლა ლიგის ვალენსიაში 90 წუთი ითამაშა. ვალენსია კარტახენას ამხანაგურ მატჩში შეხვდა, ბორდალასმა მხოლოდ სამი ფეხბურთელი არ შეცვალა, მათ შორის ერთი 20 წლის ქართველი მეკარე იყო. ვალენსიამ 3:2 გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ ორი გოლი გაუშვა, ვალენსიას ფანების უმეტესობა გიორგის თამაშით აღფრთოვანებულია. "მარკამ" აღნიშნა, რომ პირველ ტაიმში ვალენსიაში საუკეთესო მამარდაშვილი იყო. ვალენსიური "ელ დესმარკე წერს, რომ ხოსე ბორდალასს ძალიან მოსწონს მამარდაშვილის თამაში. 

ლა ლიგის კიდევ ერთი გუნდი ალავესი 1:3 დამარცხდა რეალ სოსიედადთან, მასპინძელთა რიგებში 75-ე წუთზე გამოჩნდა გიორგი გაგუა. 

ლიგა 1-ის მეცმა ამხანაგრი მატჩი გამართა მიონხენგლადბახის ბორუსიასთან და 0:1 დამარცხდა. გიორგი მიქაუტაძე სასტარტოში იყო იბრაიმა ნიანთან წყვილში და მას ერთი საგოლე მომენტი ჰქონდა. მეორე ტაიმში შემადგენლობა მთლიანად შეიცვალა. 

საფრანგეთის ლიგა 2-ის ჩემპიონატი დაიწყო - პირველ ტურში ამირან სანაიას როდეზი 0:4 განადგურდა გასვლაზე კაენთან, ქართველი ლეგიონერი სათადარიგო იყო. 

ცოტნე ბენდიანიშვილი. კორტრეიკი

ბელგიაში ჟუპილერ ლიგა დაიწყო გენტის ლეგიონერი გიორგი ჩაკვეტაძე (მცირე ტრავმა) და ვარეგემის ნახევარმცველი ლუკა ზარანდია (კორონავირუსი) ჯერჯერობით თავიანთ კლუბებს ვერ ეხმარებიან, თუმცა ერთი ქართველი პირველი ტურის განაცხადში მაინც იყო - კორტრეიკმა სერენს შინ 1:0 მოუგო. მასპინძელთა სკამზე 18 წლის ცოტნე ბენდიანიშვილი იჯდა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა მანამდე ამხანაგურ მატჩში გოლიც გაიტანა (თავით). 

რუსეთში პრემიერ-ლიგა დაიწყო - ხვიჩა კვარაცხელიას რუბინმა მოულოდნელად, 1:0 დაამარცხა მოსკოვის სპარტაკი. თამაშამდე ხვიჩას პრემიერ-ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი გადასცეს. ქართველი შემტევი სლუცკიმ 83-ე წუთზე გამოცვალა. ის უფრო მეორე ტაიმში გააქტიურდა, საგოლე პასსაც მიითვლიდა, მსაჯს რუბინის მეორე გოლი თამაშგარის გამო, რომ არ გაეუქმებინა. "ჩემპიონატმა" ხვიჩას 6.5 ქულა დაუწერა. 

ხვიჩას რუბინმა პირველ ტურში სპარტაკი დაამარცხა

ზურიკო დავითაშვილს ოფიციალური დებიუტი ჰქონდა ტულის არსენალის რიგებში, რომელიც პირველ ტურში სტუმრად ლოკომოტივთან 1:3 დამარცხდა. ზურიკო 77-ე წუთზე შეცვალეს, მან სტუმართა გოლში მონაწილეობა მიიღო და "ჩემპიონატისგან" მაღალი შეფასებაც დაიმსახურა - 7 ქულა. 

I ლიგის მე-3 ტურში როტორი 0:0 დაუზავდ სკა ხაბაროვსკს. ირაკლი ბერიაშვილმა მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა, ბექა ქავთარაძე კი 66-ე წუთზე გამოჩნდა. შეუცვლელად ითამაშა სტუმარმა ირაკლი კვეკვესკირმა. 

სლოვაკეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ვლადიმირ ვაისის სლოვანმა სტუმრად 4:1 დაამარცხა მიკულასი. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ჯაბა კანკავა კი მოედანზე მხოლოდ 83-ე წუთზე გამოჩნდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები