Thumbnail

ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მე-4 ადგილი დაიკავა. მას ერთი ნაბიჯი დააკლდა, როგორც ფინალამდე, ისე ოლიმპიურ მედლამდე. სანდრომ 1/4-ფინალში მსოფლიოს რეიტინგის პირველი ნომერი, სამხრეთკორეელი ოჰ სანგუკი დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში ლეგენდარულ უნგრელ არონ სილაგისთან 13:15 წააგო.

ეს შეხვედრა სკანდალური გამოდგა, აშკარაა, რომ ეგვიპტელმა მსაჯმა ბაზაძე დაჩაგრა და რამდენიმე ძალზე საეჭვო ეპიზოდში გადაწყვეტილება უნგრელის სასარგებლოდ მიიღო. არაფერი იყო საეჭვო მაშინ, როცა ანგარიში 13:13 გახლდათ, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად სანდროს მოპოვებული ქულა სილაგის მიანიჭა, რამაც ქართველი სპორტსმენი გატეხა. სანდრომ ტოკიოში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა:

სანდრო ბაზაძე: "წარმოუდგენელია, რომ მსგავს რაღაცას გიკეთებენ! რა თქმა უნდა, წავაგე, მაგრამ მართლა რეალურად უსამართლობა მოხდა. ყველანაირად და მაქსიმალურად მზად ვიყავი. მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ბრძოლაზე ვიყავი კონცენტრირებული. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიჰყვე, ვიცოდი და ჩემს თავში დარწმუნებული ვიყავი, რომ შემეძლო ოქროს მედლის მოპოვება. ძალიან ახლოს ვიყავი.

სამწუხაროდ, არ ვიცი, რა დავარქვა იმას, რაც მოხდა. საერთოდ არ ველოდებოდი ოლიმპიადაზე მსგავს უსამართლობას თუ ჩაიდენდნენ, მაგრამ ყველაფერს კადრულობენ. არ ხდება მსგავსი რაღაცები, ისეთი ქულები არ ჩამითვალეს, არ ვიცი... ეს უკვე შეცდომაც არ მგონია, ვფიქრობ, რომ სპეციალურად მოიქცნენ ასე, არ უნდოდათ, რომ ახალი სახე გამოჩენილიყო, მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ყოველწლიურად მაქვს. დაინახეს, რომ ერთი თავით მაღლა ვიდექი ყველაზე, ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი იყო და ვერაფერი მომიხერხა. მთავარი ქულა, რომელმაც ბრძოლა გარდატეხა, 13:13-ზე იყო, მსაჯმა ამ ეპიზოდს სასწაულად უაზრო გარჩევა მისცა. ვერ გეტყვით, ეს რატომ მოხდა, თუმცა სპორტია და ხდება.

ბრძოლის შემდეგ უნგრელი სპორტსმენი მოვიდა და თავად მითხრა, მსაჯი შეცდაო, მაგრამ ხელს არავინ აწევს და იტყვის, რომ ეს ქულა ჩემი არ იყოო. მან თავი ამ ბრძოლის შემდეგ ალბათ კომფორტულად ვერ იგრძნო და ჩემთან ამიტომ მოვიდა. ამით არაფერი სრულდება, ყველაფერი წინაა".

 

შეგახსენებთ, რომ ბაზაძემ სტარტზე  ზედიზედ ორ ეგვიპტელ სპორტმენს აჯობა - მოჰაბ სამერსა (15:10) და ზიად ელ სისის (15:12), 1/4-ფინალში რეიტინგის პირველი ნომერი და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ოჰ სანგუკი დაამარცხა (15:13), რასაც 1/2-ფინალში არონ შილაგთან 13:15 და ბრინჯაოს მედლისთვის სამხრეთკორეელ კიმ ჟუნგვანთან 11:15 დამარცხდა.

საქართველომ ტოკიოს თამაშებზე ჯერჯერობით ვერცერთი მედლის მოპოვება შეძლო. 24 ივლისს წარუმატებლად დაასრულეს ასპარეზობა ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60 კგ) და მოცურავე ირაკლი რევიშვილმა. პირველი შეხვედრები მოიგეს და ოლიმპიადაზე გამოსვლას აგრძელებენ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მოკრივე ესკერხან მადიევი (-69 კგ). 

 

კომენტარები

ბოლო ამბები