Thumbnail

არჩილ ბერიძე: ყველაფერი გამოგვივა! ფანებმა პროგრესში გაგვასწრეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

უეფას კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე ბორისოვოს ბატე-სთან დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა. საპასუხო შეხვედრა 29 ივლისს, ბელარუსში გაიმართება - ბათუმელები მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ.

პოპსპორტი მატჩის შესაფასებლად დინამო ბათუმის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, არჩილ ბერიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ბატე-მ დინამო ბათუმს გამოცდილების ხარჯზე აჯობა, თუმცა საპასუხო შეხვედრაში ბათუმელები ბოლომდე იბრძოლებენ. ბერიძემ აღნიშნა, რომ კლუბის ხელმძღვანელები 1-წლიან გუნდს არ აშენებენ, პროექტი გაცილებით ხანგრძლივია და წარმატებაც გარდაუვალია.

არჩილ ბერიძე (დინამო ბათუმის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე)

...ბატე-სთან მარცხზე: "ეს ნამდვილად დასანანი მარცხია, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, გულშემატკივარმა ხომ საერთოდ - აღტაცებაში მოიყვანეს მთელი ქალაქი და ფეხბურთს ზუსტად ეს უხდება, მაგრამ რაღაცნაირად მათი იმედები ვერ გავამართლეთ. თუმცა, საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ყველაფერი გამოგვივა. ობიექტურები რომ ვიყოთ, საპასუხო მატჩის წინ ბატე-ს უფრო დიდი შანსი აქვს, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ დინამო ბათუმი იბრძოლებს და ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად."

...მსაჯობაზე: "ჩემზე ამბობდნენ, მსაჯების მიმართ ძალიან სუბიექტურიაო, თუმცა, ვფიქრობ, გუშინდელმა თამაშმა აჩვენა, რომ საბოლოო შედეგი არბიტრების უხეში შეცდომის შედეგად დაფიქსირდა."

...მარცხის მთავარი მიზეზის შესახებ: "ზუსტად დღეს ვიხსენებდით: როდესაც ჩვენ 2017/18 წლების სეზონში ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ, მაშინ ბატე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა. გამოცდილებას დიდი მნიშნელობა აქვს. ყველაზე დიდი როლი ამ მატჩში სწორედ გამოცდილებამ ითამაშა. ჩვენ ჯერ უნდა გავიზარდოთ და ვფიქრობ, ეტაპობრივად, ნელ-ნელა ვიზრდებით გულშემატკივრებთან ერთად."

...დინამო ბათუმის ფანებზე: "გულშემატკივრებმა ბევრად გაგვასწრეს პროგრესში, სუფთა ევროპულ გარემოს ქმნიან სტადიონზე. ითამაშო 200-მილიონიან სტადიონზე, ვფიქრობ დიდი წარმატებაა. ჩვენც ამ სტადიონის შესაბამისად უნდა გავიზარდოთ და მაშინ ვიტყვით, რომ რაღაცას მივაღწიეთ."

ბათუმელი გულშემატკივრების შთამბეჭდავი პერფორმანსი მატჩის დაწყებამდე

...საპასუხო მატჩზე: "დღე და ღამე ვმუშაობთ იმისთვის, რომ მიზნამდე მივიდეთ. ჩემი აზრით, ის, რომ სტუმრად გატანილ გოლს მნიშვნელობა აღარ აქვს, ძალიან დაგვეხმარება და ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ - ამის პირობას ვდებ. ფანების ბორისოვოში წაყვანა იგეგმება, ვმუშაობთ ამ თემაზე. რაკი კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე ძალიან ბევრი რეგულაციაა გასავლელი, ბევრ სირთულეს ვაწყდებით და ვნახოთ, რა გამოგვივა საბოლოოდ."

...მომავალზე: "დარწმუნებული ვარ, დინამო ბათუმს წინ ბევრი წარმატება ელოდება და ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო, 3 და 4-წლიანი არ კმარა. ჩვენ არ ვაშენებთ 1-წლიან გუნდს და განვლილმა ოთხმა წელიწადმა ეს ნამდვილად დაგვანახა. ვინც 1-წლიან გუნდს არ აშენებს, იქ წარმატება გარდაუვალია და ის აუცილებლად მოვა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დინამო ბათუმს გულშემატკივრობს."

დინამო ბათუმი 0:1 ბატე

🏴‍☠⚪🔵 საუკეთესო საფეხბურთო გარემო და სამწუხარო მარცხი, მაგრამ დაკარგული არაფერია - 29 ივლისს საპასუხო მატჩია!✊

Posted by popsport on Friday, July 23, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები