Thumbnail

'ხელოვნურ საფარზე თამაშს ერიდება' - გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 21 წლის ქართველი ნახევარმცველი გენტს უახლოეს ორ მატჩში ვერ დაეხმარება
  • ბელგიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა მიზეზზე ისაუბრა 

გენტის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა მის გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და გიორგი ჩაკვეტაძეც ახსენა, რომელიც 2021/22 წლების სეზონის სტარტს მცირე პრობლემლემების გამო გატოვებს.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველ ფეხბურთელს ოფიციალურ მატჩში ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია. გიორგი გუნდთან ერთად მოსამზადებელ ციკლს სრულყოფილად გადიოდა და ამხანაგურ შეხვედრებშიც მონაწილეობდა, თუმცა 22 ივლისს, კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო წრის პირველი მატჩის განაცხადშიც ვერ მოხვდა, რომელშიც გენტმა ნორვეგიული ვოლერენგას ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. 

როგორც ირკვევა, ჩაკვეტაძე გენტს ვერც 25 ივლისს, ჟუპილერ ლიგის პირველ ტურში, სტუმრად სენტ ტრუიდენთან დაეხმარება და ვერც 29 ივლისს, ვოლერენგასთან გასვლით საპასუხო დაპირისპირებაში. გიორგის უთამაშებლობის მიზეზი კი ხელოვნურსაფარიანი მოედანია.

გიორგი ამ ზაფხულს ვანჰაზებრუკის გუნდის სპარინგებში თამაშობდა

"გიორგი ჩაკვეტაძე ნამდვილად არ იქნება "სტაიენზე" (სენტ ტრუიდენის არენა). როგორც ჩანს, ქართველი ფეხბურთელი პროფილაქტიკურ დასვენებას მიიღებს", - წერს nieuwsblad, რომელიც ჰეინ ვანჰაზებრუკის სიტყვებსაც აქვეყნებს:

"ჩაკვეტაძემ ტრავმა სენტ ტრუიდენში, ხელოვნურ საფარზე მიიღო და ამის გამო ერიდება ამ უქმეებზე თამაშს. ის არც მომავალ ხუთშაბათს, ნორვეგიაში ითამაშებს, რადგან ვოლერენგაც ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამოდის. ამის შემდეგ დავაკვირდებით".

გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიური გენტის ღირსებას 2017 წლიდან იცავს. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ბოლო ორი სეზონი ტრავმებისა და ოპერაციის გამო, პრაქტიკულად გაუცდა.

კომენტარები

ბოლო ამბები