Thumbnail

გორგოძის დრამატული მარცხი მეოთხედფინალში - მან 4 მატჩ-პოინტი ვერ გამოიყენა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გორგოძე 7:6 (7:4), 6:7 (7:9), 6:7 (3:7) კუჩოვა
  • ქართველი ჩოგბურთელი კარიერის ყველაზე დიდ წარმატებასთან ძალიან ახლოს იყო

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე პოლონეთის ქალაქ გდინიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (235 238 დოლარი) ნახევარფინალში გასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა, 4 მატჩ-პოინტი ვერ გამოიყენა და მარცხი განიცადა. არადა, ის WTA-ს ტურნირზე ასეთ წარმატებას კარიერაში პირველად მიაღწევდა.

გორგოძე BNP Paribas Poland Open-ის მეოთხედფინალში სლოვაკ კრისტინა კუჩოვას გაეჯიბრა და თამაში, რომელიც 3:57 წუთს გაგრძელდა, 7:6 (7:4), 6:7 (7:9), 6:7 (3:7) წააგო. საინტერესოა, რომ მატჩი რეკორდული გამოდგა, რადგანაც მიმდინარე სეზონში ქალთა ტურში ასეთი ხანგრძლივი შეხვედრა არ დაფიქსირებულა.

Co to było za spotkanie! Kristina Kucova pokonuje Ekaterine Gorgodze 6:7(4), 7:6(7), 7:6(3) w ćwierćfinale turnieju BNP...

Posted by BNP Paribas Poland Open on Friday, July 23, 2021


ქართველ ჩოგბურთელს 4 მატჩ-პოინტი მე-2 სეტში ჰქონდა, თუმცა, ის ტაი-ბრეიკზე მეტოქემ მოიგო, გადამწყვეტ სეტშიც საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა (არადა, გორგოძე 6:5-ზე აწვდიდა) და იქაც სლოვაკმა იმარჯვა. საინტერესოა, რომ ეკოს 2 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა (კრისტინა ეისი არ ჰქონია და 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა) და 23 ბრეიკ-პოინტიდან 9 გამოიყენა, ამასთან, თავისი მოწოდებაც 9-ჯერ წააგო.

შეგახსენებთ, რომ გორგოძემ გდინიას ტურნირზე თამაში ჯერ კიდევ კვალიფიკაციიდან დაიწყო, სადაც პოლონელ მარტინა კუბკას 6:1, 6:2 სძლია, რუს ამინა ანშბას კი 6:0, 6:2 მოუგო. უკვე ძირითად ბადეში ქართველმა ჩოგბურთელმა რუსეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი ანასტასია ზახაროვა დაამარცხა – 6:7 (5:7), 6:3, 6:1, რასაც აშშ-ს სახელით მოთამაშე 35 წლის ვარვარა ლეპჩენკოსთან გამარჯვება მიაყოლა – 7:6 (7:5), 6:2. 

ცნობისთვის, გორგოძე პოლონური ტურნირის წყვილთა თანრიგშიც თამაშობს ოქსანა კალაშნიკოვასთან ერთად. ქართული დუეტი ნახევარფინალშია გასული, სადაც ძალებს უკრაინელ კატერინა ბონდარენკოსა და პოლონელი კატარჟინა პიტერის წყვილთან მოსინჯავს. ეს თამაში დღესვეა დაგეგმილი და ახლა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული გორგოძე რამდენად მოახერხებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.

კომენტარები

ბოლო ამბები