Thumbnail
  • ლეონარდო სპინაცოლა ტრავმის შემდეგ ოპტიმისტურადაა განწყობილი
  • იტალიელი ფიქრობს, რომ მოედანზე შემოდგომაზე დაბრუნდება

ევრო 2020-ის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა იტალიის ნაკრების მარცხენა მცველი ლეონარდო სპინაცოლა იყო, რომელმაც 4 მატჩი ჩაატარა და ორჯერ საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დაიმსახურა. თუმცა, მისთვის ევროპის ჩემპიონატი 1/4-ფინალში ბელგიასთან მატჩში დასრულდა, როდესაც უმძიმესი ტრავმა მიიღო - "აქილევსის მყესი" გაიწყვიტა.

28 წლის იტალიელი ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედი აქვს, რომ ნოემბერში უკვე მოედანზე იქნება: "კარგად ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ თებერვალში ან მარტში დავბრუნდები, მაგრამ მე ვამბობ, რომ ნოემბერში მოედანზე ვიქნები. შესაძლოა, ვცდები. ვნახოთ. ტრიგორიაზე მუშაობას 2 აგვისტოდან დავუბრუნდები, ტრავმიდან ზუსტად ერთი თვის თავზე. ფიზიოთერაპევტის ყურადღების ქვეშ ვიქნები. თუმცა, 6 კვირის განმავლობაში ფეხს მიწაზე ვერ დავდგამ, ნაკერები უკვე ამოვიღე, დიდხანს ვწევარ, მაგრამ ფეხს ვამოძრავებ, რომ კუნთმა იმუშაოს და უკვე ვხედავ პირველ პროგრესს. ამდენი დატვირთული დღის შემდეგ ახლა ვისვენებ, ოჯახი ზღვაზე წავიყვანე. ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ, მაგრამ გამარჯვების საზეიმოდ ფეხების გარეშე ხტუნვაც შემეძლო", - განაცხადა სპინაცოლამ.

სპინაცოლა ევროპის ჩემპიონობას ზეიმობს

ბევრისთვის მისი ასეთი თამაში მართლად დიდი სიურპრიზი იყო. იტალიელი კი ამბობს, რომ მაღალ დონეზე ადრეც თამაშობდა, მაგალითად ბერგამოს ატალანტაში, მაგრამ მაშინ მისი თამაში აჟიოტაჟს არ იწვევდა, რადგან ატალანტას მიმართ ინტერესი დიდი არ იყო: 

სპინაცოლა: "ჩემს ფეხბურთს სტაბილურად ვაჩვენებდი. იუვენტუსში გადასვლამდე ატალანტაში მაღალ დონეზე ვთამაშობდი, მახსოვს შესანიშნავი თამაშები დორტმუნდისა და ლიონის წინააღმდეგ, მაგრამ იმ პერიოდში ატალანტა ყურადღების ცენტრში არ იყო და ამიტომ, ჩემზე ბევრი არ ლაპარაკობდა. ახლა კი იტალიის ნაკრებში ვითამაშე და ლოგიკურია, რომ ამას უფრო მეტი გამოხმაურება მოჰყვა."

ლეონარდო სპინაცოლასთვის ეს პირველი სერიოზული ტრავმა არ არის. ის 2018 წელს იუვენტუსში გადავიდა, მაგრამ თითქმის მთელი სეზონი სწორედ ტრავმების გამო გაუცდა, 2020 წლის იანვარში კი პრაქტიკულად მილანის ინტერში იყო გადასული, როცა უკვე როგორც რომას ფეხბურთელი მატეო პოლიტანოში იცვლებოდა, მაგრამ გარიგება ბოლო მომენტში ლეონარდოს ტრავმიანობის გამო ჩაიშალა და მალპენზას აეროპორტიდან რომში დაბრუნება მოუწია.

"დიახ, ეს მომენტი ჩემთვის მტკივნეული იყო. ინტერში უკვე კოჭლს მეძახდნენ, ამის შემდეგ ძალები მოვკრიბე და ყველას ვაჩვენე, ვინ ვარ. ახლა აღარაფრის მეშინია, ფსიქოლოგიურად ბევრად მშვიდად ვარ. მსოფლიოში საუკეთესო საქმე მაქვს, მშვენიერი ოჯახი მყავს და კარგად ვარ. მეტი რა უნდა მოვითხოვო?", - აღნიშნა იტალიელმა ფეხბურთელმა.

ლეონარდომ ტრავმის მერე ცრემლები ვერ შეიკავა

მან ბელგიის ნაკრებთან შეხვედრაში მიღებული ტრავმის მომენტიც დეტალურად გაიხსენა: "მაშინვე ტკივილი არ მქონია. დარტყმა ვიგრძენი, როდესაც უკან მივიხედე, იმედი მქონდა, რომ ვინმეს დავინახავდი, რადგან ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ მასთან შეხებისას მივიღე ტრავმა. როდესაც დავინახე, რომ იქ არავინ იყო, მაშინვე მივხვდი, რომ მყესი გავიწყვიტე, მაგრამ ტკივილი არ მქონია. მხოლოდ იმიტომ ვიტირე, რომ გავაცნობიერე, რა დავკარგე და რას დავაკლდი. მცირე ტკივილი მხოლოდ ოპერაციის პირველ ღამეს ვიგრძენი. ახლა ეს უკვე წარსულია და მხოლოდ მომავალზე ვფიქრობ".

სანამ ტრავმას მიიღებდა, ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომ კლუბს შეიცვლიდა. დაიწერა მადრიდის რეალის ინტერესზეც, მაგრამ დაზიანებამ ყველაფერი შეცვალა. სპინაცოლა ამბობს, რომ ევრო 2020-ის დღეებში მომავალზე საერთოდ არ უფიქრია: "შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ დავიდესთან (სპინაცოლას აგენტი დავიდე ლიპი, მარჩელო ლიპის შვილი - რედ) ამ საკითხზე არცკი მისაუბრია. ნამდვილად არ მინდოდა ევროპის ჩემპიონატის გარდა სხვა რამეზე ფიქრი".

სპინაცოლა მარცხენა ფლანგზე შეუჩერებელი იყო

რომას ფეხბურთელს "ჯალოროსიში" ახალი მწვრთნელი ჰყავს - ჟოზე მოურინიო, რომელთანაც მას აქამდე არასდროს უმუშავია. "ევროპის ჩემპიონატამდე მას ტელეფონით ვესაუბრე და მერეც, როცა ტრიგორიაზე დავბრუნდი. ვარჯიში ვნახე, პირველი ამხანაგური მატჩიც, როგორც ჩანს, ძალიან კარგი ადამიანია. რაც ჩემი თანაგუნდელებისგან მასზე მოვისმინე, ძალიან კარგი შთაბეჭდილება შემექმნა. ცუდია, რომ სეზონის პირველ ნაწილს გამოვტოვებ".

სპინაცოლა მადრიდის ატლეტიკოსთან 'ქამბექის' მატჩში გამორჩეული იყო

ლეონარდო სპინაცოლას კარიერა ვირტუს ფოლინიოში დაიწყო, საიდანაც სიენას აკადემიაში გადავიდა. 2010 წელს ის იუვენტუსის აკადემიაში მოხვდა და ტურინელთა ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. იუვეს მისი სატრანსფერო უფლებები 2019 წლამდე ეკუთვნოდა და ამ პერიოდში იჯარით ემპოლიში, ლანჩანოში, სიენაში, ატალანტაში, ვიჩენცასა და პერუჯაში იყო. ყველაზე კარგად თავი ატალანტაში 2016-2018 წლებში წარმოაჩინა და იუვემ 2018 წელს დაიბრუნდა, მაგრამ ტურინულ გრანდში იმ სეზონში მხოლოდ 12-ჯერ ითამაშა და 2019 წლის ზაფხულში რომას მარცხენა მცველ ლუკა პელეგრინიში გაცვალეს. რომაში მან დღემდე 71 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში მისი დებიუტი 2017 წელს შედგა და "სკუადრა აძურას" ღირსება 18-ჯერ დაიცვა, გოლი არ გაუტანია. სპინაცოლა ევროპის ჩემპიონი გახდა და უეფას ოფიციალური ვერსიით ტურნირის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

Gli Azzurri per Spinazzola 💙💙💙

Olé! Olé olé olé! Spina! Spina! 💙💙💙 #Spinazzola Leonardo Spinazzola #Nazionale 🇮🇹 #Azzurri #VivoAzzurro

Posted by Nazionale Italiana di Calcio on პარასკევი, 02 ივლისი, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები