Thumbnail

ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანური მედიის ყურადღების ცენტრშია. მან ვალენსიაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, როგორც ვარჯიშებზე, ისე სადებიუტო მატჩში ბერძნულ ატრომიტოსთან, რომლის წინააღმდეგ 45 წუთი ითამაშა და ორჯერ ეფექტური სეივი შეასრულა.

20 წლის ქართველ მეკარეს მართლაც დიდი პოტენციალი აქვს და ეს ესპანეთში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ავტორიტეტულმა გამოცემა "მარკამ" მამარდაშვილის შესახებ კომენტარი ჩისკო მუნიოსს სთხოვა. ინგლისური უოტფორდის მთავარი მწვრთნელი, რომელსაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ვალენსიაშიც აქვს ნათამაშები, დინამო თბილისს წვრთნიდა და სწორედ დინამოს აღზრდილია გიორგი, თუმცა, ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია. ჩისკო ფიქრობს, რომ ვალენსიამ მამარდაშვილის დამატებით ძალიან კარგი ტრანსფერი განახორციელა და მას განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვს.

"ის კარგი, ძალიან საინტერესო მეკარეა, მაგრამ დრო და ნდობა სჭირდება. მას აქვს ძალიან სწრაფი რეაქცია, კარგი რეფლექსები და უსაზღვრო პოტენციალი ზრდა-განვითარებისთვის. ის კარგი შენაძენია ვალენსიასთვის",- თქვა ჩისკომ.

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში სადებიუტო მატჩში

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისის ლოკომოტივში იჯარით თამაშობდა და ასევე იჯარით გადავიდა ვალენსიაში, ესპანელებს სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ. ნიჭიერ ქართველ კიპერს ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებშიც იძახებს, თუმცა, ჯერჯერობით ეროვნულ გუნდში მას არ უთამაშია.

ვალენსია, რომელსაც ხოსე ბორდალასი წვრთნის, მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 24 ივლისს, კარტახენასთან ჩაატარებს, ესპანეთის 2021/22 წლების ჩემპიონატს კი 13 აგვისტოს, ხეტაფესთან საშინაო დაპირისპირებით დაიწყებს.

კომენტარები

ბოლო ამბები