Thumbnail
  • ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა
  • საქართველოს მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იყვნენ
  • დიდი სპორტული ზეიმი 8 აგვისტომდე გაგრძელდება

“ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებს გახსნილად ვაცხადებ” - იაპონიის 126-ე იმპერატორის, ნარუჰიტოს სიტყვების შემდეგ ტოკიოს ოლიმპიადა უკვე ოფიციალურად იწყება!

ოლიმპიურ თამაშებს ყოველთვის მასპინძელი ქვეყნის პირველი პირი ხსნის - ეს დიდი ტრადიციაა. ნარუჰიტოს სცენაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა უხმო - ესეც ტრადიციაა. საინტერესოა, რომ 1964 წლის ოლიმპიადა, რომელიც ასევე ტოკიოში გაიმართა, იაპონიის ამჟამინდელი იმპერატორის ბაბუამ გახსნა. ოლიმპიური ცეცხლი, სტადიონი ზუსტად იმავე ადგილზე, სადაც 1964 წლის ოლიმპიური არენა იყო, ოლიმპიური ჰიმნი, უაღრესად შთამბეჭდავი ცერემონია - ტრადიციები…

ვნახეთ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის განუყოფელი და ალბათ მაინც ყველაზე ლამაზი ტრადიცია - ქვეყნების ოლიმპიური გუნდების გამოსვლა დროშებით. ტრადიციულად, პირველი ქვეყანა საბერძნეთი გახლდათ, შემდეგ კი ქვეყნები იაპონური ანბანის მიხედვით გამოვიდნენ.

საქართველოს მედროშეები ტყვიის სროლაში ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდარული ნინო სალუქვაძე და რეკორდსმენი ძალოსანი ლაშა ტალახაძე იყვნენ. სალუქვაძე, რომელიც ერთადერთი ქალი სპორტსმენია ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ვინც მეცხრე ოლიმპიურ თამაშებზე წარდგება, საქართველოს მედროშე უკვე მეორედ იყო, ტალახაძე კი, რომლისგანაც მეორე ოქროს მედალს ველოდებით - პირველად.

საქართველოს ოლიმპიური გუნდი გახსნის ცერემონიაზე

"ძალიან კარგი განწყობაა, მხიარული. ვემზადებით ოლიმპიური თამაშებისთვის. მთელ გუნდს ვურუსვებ წარმატებას და ბევრ მედლებს," - განაცხადა ნინო სალუქვაძემ გახსნის ცერემონიამდე.

"მე და ქალბატონი ნინო ვართ მედროშეები, რაც დიდი პატივია. მინდა, ჩვენს ოლიმპიურ ნაკრებს წარმატებები ვუსურვო. ქართველი სპორტსმენები შევეცდებით, რომ ვასახელოთ ჩვენი გულშემატკივრები, ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის," - ეს ტალახაძის სიტყვებია, რომელიც ოქროს მედლისთვის 4 აგვისტოს იასპარეზებს.


"ოლიმპიადის გახსნის დღე ემოციურად, რა თქმა უნდა, ძალიან დატვირთულია, მით უმეტეს იმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც პირველად გამოდიან ასეთ დიდ და მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე. გახსნის ცერემონია ერთგვარი პრელუდიაა, ჩვენ ველოდებით ძალიან დიდ ზეიმს და ამ ზეიმში საქართველო იქნება მონაწილე, როგორც ოლიმპიური და დიდი სპორტული ქვეყანა," - აღნიშნა საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.

ერთი დიდი ტრადიცია დაირღვა: პანდემიის გამო, სტადიონზე მაყურებლები არ იყვნენ. გახსნის ცერემონიას ჯამში დაახლოებით 1000 ადამიანი დაესწრო. იაპონური ტელეკომპანია TV Asahi-ს ინფორმაციით, თვით იმპერატორმაც კი დაარღვია ტრადიცია და ტოკიოს თამაშების გახსნაზე ოჯახის წევრების გარეშე მივიდა. Imperial Houshold Agency-ს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ოლიმპიადის ორგანიზატორებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად იქნა მიღებული, რომლებიც ტოკიოს თამაშების გახსნას ასევე მეუღლეების გარეშე ესწრებოდნენ.

საინტერესოა, რომ უდიდესი იაპონური ავტოკონცერნის, “ტოიოტას” შეფმა აკიო ტოიოდამ საერთოდ უარი თქვა გახსნის ცერემონიაზე დასწრებაზე - მან კეთილი ნება გამოიჩინა და თავისი ადგილი დათმო.

იაპონური ესთეტიკა - გახსნის ცერემონია ყველაზე მოკლედ შეიძლება ასე დახასიათდეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები